ენმ-ს დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმი ჩაერთვება, რომელიც დაეხმარება პროცესს დარეგულირებაში. გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ხერხეულიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააკაშვილი თავს ისევ სუსტად გრძნობს.
"ასეთ ხანმოკლე პერიოდში მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდებოდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ მისი მკურნალობის პერიოდში განსაკუთრებული ჩარევა არ მომხდარა. უმოკლეს პერიოდში ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ამ პროცესის დარეგულირებაში. ყოველშემთხვევაში, ახლა, საიმედო არაფერია.
განწყობას რაც შეეხება, გაკვირვებული ვარ მედპერსონალის გადაწყვეტილებით - ოთახში დამხვდა ტორტი სანთლებით, ამ ადამიანებმა დაბადების დღე მიულოცეს და მიხარია, როდესაც ადამიანებს ჰყოფნით სითამამე თავისი დამოკიდებულება ღიად გამოხატონ", - თქვა ხერხეულიძემ.
დღეს, 21 დეკემბერს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე - ჯერ არა.