logo
ENG



ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას - ილია II

26 აპრ 202013:10
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია II-მ სამებაში შეკრებილ მრევლს მიმართა. მან მოსახლეობას კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ ურთულეს დროშიც ეკლესიას ვერ მოერევიან „ბჭენი ჯოჯოხეთისანი“.

„ეს არის უდიდესი დღე. ამ დღის სახელზე მრავალი ტაძარია აშენებული. ერთი მათგანი მთიულეთშია, ჩირიხში, კობაიძეების სოფელში. უფალი ბრძანებს „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას“. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროში, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.  უფალი ჩვენც მოგვმართავს: მიიღეთ სულიწმინდა. მზად უნდა ვიყოთ სულიწმინდის მისაღებად. თომა მოციქულსაც სწამდა, რომ მაცხოვარი ნამდვილად გამოეცხადა, მაგრამ გული შესტკიოდა იმიტომ, რომ ის არ იყო მოციქულებთან და ის თავისი სიტყვებით აიძულებდა უფალს, მეც გამომეცხადეო. რვა დღის შემდეგ გამოეცხადა უფალი მას. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა უფალი ახლოსაა ჩვენთან, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მადლობას ვსწირავთ უფალს", - აცხადებს ილია II.

ილია მეორემ მადლობა გადაუხადა ხელისუფლებასა და მოსახლეობას იმისთვის, რომ საეკლესიო მსახურება არ შეწყვეტილა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა კვირაცხოვლობის დღესასწაულის მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიისთვის.

„მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, სამღვდელოება და ხალხი, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, სხვაგან არ არის ამისი საშუალება. მნიშვნელოვანია კვირაცხოვლობა იმით, რომ ამ დღეს მსოფლიო პატრიარქმა გადმოგვცა ჩვენ სიგელი, რომ ის ცნობს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მე მინდა მადლობა შევწირო უფალს და მსოფლიო პატრიარქს ამდენი წყალობისათვის", - განაცხადა პატრიარქმა.


close დახურვა