logo
ENG



ეკონომისტები: ვუსუბსიდირებთ მდიდრებს და საშუალო შემოსავლიანებს ქონების შეძენას

28 მაი 202016:49
3 წუთის საკითხავი
 

ანტიკრიზისული გეგმის ნაწილს, რომელიც სუბსიდირებას ეხება, ეკონომისტები უსამართლოს უწოდებენ. მათი განმარტებით, ესაა შემთხვევა როცა მოქალაქეები თანხას ღარიბი მცხოვრებლებისგან იღებენ. 

"მთავრობას რომ დახმარება გამოეყო უფრო იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება და არ მათთვის, ვინც ისედაც შეძლებდა ამ იპოთეკური სესხის აღებას. პლუს ხელოვნური ჩარევა ბაზარზე ფასების რეგულაციაში, გამოიწვევს ფასების შენარჩუნებას. სუბსიდირებაში კი ჩვენი ყველას წვლილია, რადგან გადასახადის გადამხდელები ვართ და გამოდის, რომ ღარიბების გადახდილი გადასახადით ვუსუბსიდირებთ მდიდრებს და საშუალო შემოსავლიანებს ქონების შეძენას",-აცხადებს გიორგი კეპულაძე. 

ექსპერტების შეფასებით აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია ასევე მთავრობის მიერ წინა პერიოდში გატარებულ პოლიტიკასთანაც, რაც ჭარბვალიანობის შემცირებას ემსახურება.

"ეს გამოიწვევს არარეალურ ნიშნულზე ფასების შენარჩუნებას, რაც არასწორია. ცუდია სამშენებლო სექტორისთვის, მაგრამ მოუწევთ შეგუება. ასევე წინააღმდეგობაში მოვდივართ ჭარბვალიანობის პოლიტიკასთანაც, ანუ ვახალისებთ იპოთეკური სესხების აღებას იმაზე მეტად ვიდრე ეს საჭიროა. ჩემთვის, ეს უსამართლოა, რადგან ჩემი გადასახადით სხვას ვუხდი",-აცხადებს სოსო ბერიკაშვილი. 

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" კი აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ორგანიზაციაში აკვირდებიან. სულხან სალაძე არ გამორიცხავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებებით მთავრობა ცდილობს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულები დაიწეროს. 

"2020 წლის არჩევნების წინ რთული იქნება მკაფიო ზღვარი გავლება, რა შეიძლება იყოს რეალური საარჩევნო კამპანიასთან და რა შეიძლება უკავშირდებოდეს მოსყიდვასთან ან რესურსების გამოყენებასთან. დღეს ხელისუფლებას ბევრი ბერკეტი აქვს მოიგოს ამომრჩევლის გული. დღეს მმართველი პარტია და ხელისუფლება ჩვენს რეალობაში ერთი და იგივეა, რაც უნდა იყოს განსხვავებული. მე უფრო დიდი საფრთხე მგონია სწორედ ეს, რომ ამ ორი ფაქტორს შორის განსხვავება არაა",-აცხადებს სულხან სალაძე. 

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს.


close დახურვა