logo
ENG



ელენე ხოშტარია ექიმებს სააკაშვილის მდგომარეობის შესამოწმებლად ციხეში შესვლას თხოვს

14 ნოე 202115:30
3 წუთის საკითხავი
 

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი კონსილიუმის ექიმების ნაწილს და ასევე სხვა ექიმებს, ვისაც შეუძლია თავისი ინიციატივით ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გარკვევასა და მკურნალობაში მიმართავს თხოვნით არ დაელოდონ პენიტენციურის ნებართვას და თვითონ ითხოვონ მესამე პრეზიდენტთან ციხეში შესვლა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო არ იცავს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებებს, აქედან გამომდინარე, ჩემი ძალიან დიდი პატივისცემით და მოწიწებით, მივმართავ კონკრეტულად ექიმებს, ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადოს ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში და კონკრეტულად ასევე, იმ ექიმებს, რომლებიც შედიოდნენ კონსილიუმში და რომლებსაც აქვთ გარკვეული ინსტიტუციური ბერკეტი, რომ ჩაერიონ სიტუაციაში" , - ამბობს ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარიას მიმართვის ადრესატები კონსილიუმიდან შემდეგი ექიმები არიან:

  • ალექსანდრე ცისკარიძე - ნევროლოგი
  • გიორგი გოცაძე - კრიტიკული მედიცინის ექიმი
  • ელენე გიორგაძე - ენდოკრინოლოგი
  • ნინო შარაშენიძე - ჰემატოლოგი

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საფუძვლიანი კითხვის ნიშნები არსებობს სააკაშვილის ციხეში მკურნალობაზე და მისი მდგომარეობა ბოლო საათებში გახდა ძალიან საგანგაშო.

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს წარმოუდგენლად ჩიხური ვითარება, ჩვენ პრაქტიკულად არ ვიცით და ალაგ-ალაგ სხვადასხვა წყაროებით ვიგებთ, ობიექტურ ინფორმაციას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მეტიც, ცნობები, რომლებიც გამოდის ბოლო დღეებში და ბოლო საათებში არის ძალიან საგანგაშო, ეს ცნობები არის ძალიან კონკრეტული, იმასთან დაკავშირებით, რომ ის ვერ დგება, იმასთან დაკავშირებით, რომ მე მერიდება მაგრამ ეს ნათქვამია უკვე, რომ მას აქვს ღებინება, აქვს ყვითელი ფერი, წნევა, კალიუმი ძალიან დაბალ ნიშნულზე, რაც ნიშნავს გულის პრობლემებს. აი ეს ფრაგმენტულად გამოსული ძალიან საგანგაშო ინფორმაცია, დამატებული იმ პირობებთან, რომელშიც ის იმყოფება, ეს არის ციხე, ეს არ არის საავადმყოფო, ეს არის ციხე სადაც, მის მკურნალობაზე კითხვის ნიშნები არის ძალიან ლეგიტიმური, ძალიან საფუძვლიანი" - ამბობს ელენე ხოშტარია

დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 45-ე დღეა. ელენე ხოშტარია პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს.

საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მრავალფუნქციურ, კვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით  პეტიციით მიმართავენ მოქალაქეებიც. განცხადება საერთაშორისო პლატფორმა - change.org-ზეა ხელმისაწვდომი. 

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ ექიმებიც, მათ პეტიციაც გაავრცელეს და კოლეგებს შემოერთებას სთხოვენ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა - ექიმმა გუშინ, 13 ნოემბერს თქვა, რომ ექსპრეზიდენტს სიარულიც არ შეუძლია. 

8 ნოემბერს სააკაშვილი რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს - ის სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას ითხოვდა და ამ დრომდე ითხოვს. 

გადაყვანის პროცესში მიხეილ სააკაშვილს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, პატიმრებმა კი დამცირების მიზნით ე.წ შუმოკი მოუწყვეს.

ექიმების და ენმ-ის წევრების განცხადებით, ციხის დაწესებულება არ არის საავადმყოფო და იქ არ არის სამედიცინო აღჭურვილობა. როგორც ეკა ხერხეულიძემ თქვა, მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფას აყენებენ სხვა პატიმრები მაშინ, როცა ის საკნის ფანჯარას აღებს და ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდის. 

10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. 

ამასთან, სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ მას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. 

თუმცა, მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, ჯერჯერობით, უარს ამბობს. 

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა. 

რატი ბრეგაძე არ ითვალისწინებს შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის სირთულეებს. 


close დახურვა