ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე შიმშილობას არ შეწყვეტს.
დროას დამფუძნებელი უკვე მე-9 დღეა, შიმშილობს.
შიმშილობის შეწყვეტისკენ მას დღეს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა.
ხოშტარიამ მას ამისთვის მადლობა გადაუხადა, ამასთან, განაცხადა, რომ ახლა კრიზისის განმუხტვა მმართველი გუნდის ხელშია.
"მე გადაწყვეტილება არ მიმიღია არავის მითითებით - მე გადაწყვეტილება მივიღე კონკრეტული მოთხოვნით: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ იყოს საფრთხის ქვეშ.
დღეს, კიდევ ერთხელ, ძალიან გონივრული გარემოებებით - სტრასბურგის მოთხოვნით და მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ქართული ოცნების ხელშია ამ კრიზისის განმუხტვის საბოლოო გასაღები. დღესვე შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბუგრის სასამართლოს პოზიციის შესაბამისად.
სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში, მე შიმშილობას არ შევწყვეტ".
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექსპრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.
11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დაემორჩილება ECHR-ის გადაწყვეტილებას და შეწყვეტს შიმშილობას, თუ ასევე მოიქცევა ხელისუფლებაც და მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსოლიუმი იზრუნებს.