logo
ENG



ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს

19 ნოე 202116:52
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ შიმშილობას წყვეტს. მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არის გამოსავალი კრიზისიდან და მისი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი. სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ელენე ხოშტარია 17 დღის განმავლობაში პარლამენტში შიმშილობდა. 

"გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით. ამიტომაც ეს არის ჩემი საფუძველი შიმშილობის შეწყვეტის. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები, როდესაც დიდი მღელვარებაა და როცა ადამიანის სიცოცხლეა სასწორზე", - თქვა ხოშტარიამ.

როგორც მან ბრიფინგზე თქვა, ის ახლა ექიმს ელოდება. ხოშტარია ამბობს, რომ გააგრძელებს ბრძოლას, რომ გორში გადაყვანის პროცესმა უსაფრთხოდ ჩაიაროს.

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. 

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 


close დახურვა