logo
ENG



ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს

15 ივლ 202018:02
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პარლამენტმა  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

კანონპროექტი დაჩქარებულად განიხილება და მის საბოლოოდ დასამტკიცებლად კიდევ ორი მოსმენაა საჭირო. 

ცვლილებებს ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ბიზნესის წარმომადგენლები მკაცრად აკრიტიკებენ. მათი თქმით, სასამართლოს ნებართვის გარეშე ორგანიზაციებში სპეციალური მმართველების დანიშვნა მიზანშეწონილი არაა.

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში ორი წლის ვადით დანიშნოს სპეციალური მმართველები, რომლებიც ფართო უფლებამოსილებით იქნებიან აღჭურვილნი - მათ შორის, მათ შეუძლიათ დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გათავისუფლება.

კანონში შესატანი ცვლილებები მარეგულირებელ კომისიას იმ შემთხვევაში მისცემს მმართველის დანიშვნის უფლებას, თუკი დაკისრებული ჯარიმების მიუხედავად, ორგანიზაცია ვერ აღასრულებს გადაწყვეტილებას.

close დახურვა