„ენდიაი და აიარაი არის ის ორგანიზაციები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში დემოკრატიის არსებობაში. ძალიან სასაცილოა, როცა ქართული ოცნება მათ აკრძალვას ითხოვს", - ასე ეხმაურება „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებულ აქციას. მოძრაობა ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარს უჭერს.
ელისაშვილის თქმით, განსხვავება „ქართულ ოცნებასა" და „პატრიოტთა ალიანსს" შორის არ არსებობს და ირმა ინაშვილის პოლიტიკურ ძალას, სწორედ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.
„ირმა ინაშვილის ორგანიზაცია ე.წ. პატრიოტთა ალიანსი არის ჩვეულებრივი ქართული ოცნება. უნდა ვიცოდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ითხოვს „აი რა ი-სა“ და „ენ დი აი-ს“ აკრძალვას. უზარაზარ დემოკრატიულ ძალისხმევას ეწევიან, ისინი უბრალოდ კვლევებს კი არ ატარებენ. შესაბამისად, მათ წინააღმდეგ გალაშქრება სიბეცე და იმ პრორუსული პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ქართული ოცნება ეწევა“, - განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართა. აქციაზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციების NDI-სა და IRI-ის ქვეყნიდან გაძევებას მოითხოდნენ. პატრიოტთა ალიანსის, ლიდერის ირმა ინაშვილის მტკიცებით, აღნიშნული დემოკრატიული ინსტიტუტები კვლევებს ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით ატარებენ და შედეგებს აყალბებენ. ინაშვილის არგუმენტით, ეს რომ ასე არ იყოს, პატრიოტთა ალიანსს 5%-ზე მეტი მხარდაჭერა ექნებოდა.