logo
ENG



ელისაშვილი: ევროკავშირი მელიას პოლიტპატიმრობას არ აღიარებს, გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად

10 მაი 202114:37
3 წუთის საკითხავი
 
ელისაშვილი: ევროკავშირი მელიას პოლიტპატიმრობას არ აღიარებს, გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად

მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ გირაოს გადახდით, "ევროკავშირი არც მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას", მისი აზრით, ეს მხოლოდ კრიზისის დასაძლევად გაკეთდა. 

"ქართულ ოცნებას უნდა მაქსიმალურად აბუჩად აიგდოს ნიკა მელია. უნდათ, რაღაცნაირად სახე შეინარჩუნონ. მიხვდნენ, რომ ძალიან არასერიოზულად გამოუვიდათ მთელი ეს ისტორია - მაინც იმას აკეთებენ, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ და გულში მჯიღს ირტყამდნენ. შესაბამისად, ევროკავშირი არც ნიკა მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც ნელსონმანდელობას. ევროკავშირმა უბრალოდ გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად, მორჩა და გათავდა. მიხვდნენ, რომ ჩვენ ვართ რაღაცნაირად გაჯიუტებული და უცნაური ხალხი. არა მარტო დაგვეხმარნენ შეთანხმებაში, არამედ განხორციელებაშიც. არც პოლიტპატიმრად აცხადებენ ვიღაცას და არც სინდისის პატიმრად", - თქვა ელისაშვილმა. 

ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე დაინიშნა. პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ იმსჯელებენ - მელიას პატიმრობა გირაოთი უნდა შეეცვალოს და გათავისუფლდეს.

​გირაოს თანხა ევროკავშირმა 7 მაისს გადარიცხა. 

***

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.

 


close დახურვა