logo
ENG



ელისაშვილი: მე არავის ველოდები აქ, ხალხის სამსახურში ვარ და მილიონი საქმე მაქვს

02 თებ 202112:18
3 წუთის საკითხავი
 

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით ქართული ოცნების განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო და შანტაჟის ენით საუბარი არ შეიძლება. დღეს, 2 თებერვალს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან. 

ელისაშვილის მოუწოდებს ოპოზიციას შეუერთდეს მოქალაქეებსა და ქართულ ოცნებას შორის დადებულ მემორანდუმს.

"ამომრჩეველს ის ადარდებს ვინ შევა და ვინ არ შემოვა? უმუშევრად არის მთელი საქართველო დარჩენილი. კარგი გადაწყვეტილებაა მანდატების არშეწყვეტა), არ შეიძლება შანტაჟით ლაპარაკი არც ერთი მხრიდან. კარი არ იხურება და მოლაპარაკება გაგრძელდება. მემორანდუმს შემოუერთდნენ, არ მოსწონთ რამე მუხლი და გააუმჯობესონ, მოსწონთ და შემოუერთდნენ. ძალიან კარგი მემორანდუმი დევს მაგიდაზე. ორმა კაცმა შევძელით ეს, 54 ხომ არიან და გააუმჯობესონ. მე მილიონი საქმე მაქვს აქ და ხალხის სამსახურში ვარ, ხალხს უნდა ვემსახურო", - აცხადებს ელისაშვილი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სწორედ დღეს, 2 თებერვალს, გადის კენჭისყრაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი. იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, მანდატებზე უარი თქვა - მათ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. მათ მალევე დაწერეს განცხადებები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით, თუმცა, ქართული ოცნების პარლამენტი მათ ამაზე უარს ეუბნება. 

მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერიათ ზურაბ ჯაფარიძისგან გამოყოფილ პარტია გირჩის დეპუტატებ, ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. ელისაშვილი და იოსელანი დღეს, 2 თებერვალს პარლამენტში შევიდნენ, მანამდე კი მმართველ გუნდთან ერთად მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

ამასთან, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

 


close დახურვა