ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი მისთვის იქნება ის, რომ უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის იბრძოლოს.
"ეს არაფერს არ ნიშნავს. მე აბსოლუტურად შეგუებული ვიყავი, რომ იანვრის ბოლომდე მომიწევდა ციხეში ყოფნა. არაფერი დამთავრებულა, ახლა იწყება ყველაფერი. მე გარეთ ყველაზე მეტად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც გაზაფხულის აქციიდანაა დაკავებული, ახლა უფრო ხმამაღლა ვიბრძოლებ, რომ ეს ადამიანები იყვნენ გარეთ.
სანამ ისინი გარეთ არ იქნებიან, მე არ ჩავთვლი, რომ ჩემს თავს რამე სასიხარულო ხდება. მე შეგუებული ვიყავი, რომ ახალ წელსა და ჩემს დაბადების დღესაც ციხეში შევხვდებოდი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ფეხი არ მოიცვალა, ვინც ჯიუტად იდგა და აპროტესტებდა რუსთაველზე. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ, მიხარია, რომ ჩემს ოჯახს შევხვდები, მაგრამ ჩემ თვის უფრო მნიშვნელოვანია ორი რამ - პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ეს მოღალატეები გავყაროთ ხელისუფლებიდან"- თქვა ელისაშვილმა.
სასამართლომ ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართა.
ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.