პოლიტიკის ფორმულაში სუმტრობისას, მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც დღეს საარჩევნო რეფორმისა და პოლიტპატიმრების განთავისუფლების სანაცვლოდ, პარლამენტში შესვლის მზაობა გამოთქვა, განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილთან დადებულ შეთანხმებას აუცილებლად შეასრულებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არის შეთანხმების შესრულება გარანტირებული, 8 მარტის შეთანხმების არასრულად შესრულების შემდეგ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლების საკითხი ოპოზიციის გამო ჩავარდა.
"ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს და იქაც, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ოპოზიციასაც ჰქონდა რაღაცები მიქარული, სიმართლე გითხრათ და თავის თავში ჩაიხედონ", - განაცხადა ელისაშვილმა, - "ამაზე ვერ ვილაპარაკებ, ეს ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ იქ, დახურულ შეხვედრაზე ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას რაღაცები რომ უთხრა და რაღაცები გაახსენა და ყველამ თავი დახარა და კრინტი ვერ დაძრეს".
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა ოპოზიციის ბრალი, ელისაშვილმა განაცხადა:
"დიდწილად, დიდწილად არის ოპოზიციის ბრალი"
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაკავებული გიორგი რურუა და მისი მხარდამჭერები მისი დაკავების დღიდან აცხადებენ, რომ მთავარი არხის თანადამფუძნებელს იარაღი ჩაუდეს. ამას გარდა, პოლიტიკური ოპონენტებისა და ამერიკელი და ევროპელი კანონდმებლების ცნობით, რურუას გათავისუფლება ე.წ 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. 2020 წლის 15 მაისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა შეთანხმებით გათვალისწინებული ორი პატიმარი, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, რურუა ამ დრომდე ციხეში რჩება.