თბილისის საკრებულოს წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მერიასთან აქცია-პერფორმანსი გამართა სახელწოდებით: „3 მიზეზი, რატომ არ უნდა გვიხაროდეს თბილისის პარალიზება.“ ელისაშვილმა მერიის ახალ რეგულაციაზე ისაუბრა და თბილისის მერს მოუწოდა, რომ რეფორმა შეაჩეროს.
„ფაქტია, რომ არც თბილისის მერი, არც მისი მოადგილეები და არც მერიის სხვა მაღალჩინოსნები არ დადიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, შესაბამისად მათ წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება პიკის საათებში ან მეტროში, ან სამარშუტო ტაქსებში ან ავტობუსებში, ამიტომ ჩვენ, სამოქალაქო მოძრაობამ გადავიღეთ გუშინ და გუშინწინ კადრები, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ვითარების და მოვიტანეთ რომ აქ ვაჩვენოთ, იქნება ინებონ, ჩამოვიდნენ და აქ მაინც ნახონ როგორ წვალობს ხალხი მერიის და პირადად კალაძის უგუნური და არაკომპეტენტური ე.წ. სატრანსპორტო რეფორმის შედეგად,“-განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, სატრანსპორტო რეფორმის გატარება არა ტაქსებით, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებით უნდა დაიწყონ და რეფორმა უნდა შეაჩერონ მანამ სანამ, მეტროში არ იქნება საკმარისი შემადგენლობა და ავტობუსების საკმარისი რაოდენობა.
ელსაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის მზად არის მერიას სატრანსპორტო რეფორმის გეგმა გააცნოს.
„მე პირადად მზად ვარ მე და ის გუნდი, რომელთან ერთადაც თავის დროზე ვწერდი სატრანსპორტო პოლიტიკას, მზად ვარ მივიდე და ვასწავლო სინამდვილეში რა რის მერე უნდა გაკეთდეს,“-განაცხადა ელისაშვილმა.