logo
ENG



ელისაშვილი რესპუბლიკელებზე: ყოჩაღ! შევუქებ საქციელს, ძალიან გაბედული ნაბიჯია

11 თებ 202114:38
3 წუთის საკითხავი
 
ელისაშვილი რესპუბლიკელებზე: ყოჩაღ! შევუქებ საქციელს, ძალიან გაბედული ნაბიჯია

პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების განცხადებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ დადებითად აფასებს.

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ორპოლუსიანობა დასრულდეს, ოპოზიციური პარტიები ერთი დღით მაინც უნდა შევიდნენ პარლამენტში და ბუნებრივ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებულ ცვლილებას მხარი დაუჭირონ.

"ჩვენ მოვისმინეთ რესპუბლიკური პარტიის სახელმწიფოებრივად ძალიან ზუსტი და სწორი განცხადება, ძალიან მამაცი განცხადება. ყოჩაღ! შევუქებ საქციელს, ძალიან გაბედული ნაბიჯია. თუ გვინდა, რომ ორპოლუსიანობა არ გლეჯდეს ამ ქვეყანას შუაზე, მაშინ საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს მინიმალური.

ქართული ოცნება რას იზამს არ ვიცი, მაგრამ რა უნდა ქნას ვიცი - უნდა დააინიციროს კანონპროექტი ნულოვან, ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით და კარგი იქნება, თუ ოპოზიციის შეგნებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მამაცი ნაწილი შემოვა ერთი დღით მაინც და ამ ქვეყნისთვის გააკეთებს რამეს", - განაცხადა ელისაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ისურვებდა, რესპუბლიკელები არა ერთჯერადად, არამედ სრულად იყვნენ ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში. 

"მიმაჩნია, რომ არაერთჯერადად უნდა იყვნენ თუნდაც ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია პარლამენტში. მაგრამ, ერთჯერადი შემოსვლა... ნუ აქციეს პარლამენტში მუშაობა ზოგიერთმა ერის ღალატად. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე თუ არ შემოვიდნენ და ხმა არ მისცეს, აბა პოლიტიკური პარტიები საერთოდ რისთვის არსებობენ?", - თქვა ელისაშვილმა. 

ცნობისთვის, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ გუშინ, 10 თებერვალს, განაცხადა, რომ თუ ქართული ოცნება ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაარეგისტრირებს, ის და თამარ კორძაია კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ და მხარს დაუჭერენ.


close დახურვა