logo
ENG



ელჩი: როცა მეგობარი შეშფოთებულია და ოკუპანტი გიწონებს, უნდა დაისვას კითხვა - კარგია თუ არა

10 აპრ 202416:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/10/v7rychjalit66ht.jpg

"როცა ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომელზეც შეშფოთება გამოხატა შენმა პარტნიორმა, მეგობარმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა მოიწონა, ალბათ, უნდა დაისვას კითხვა - არის თუ არა ეს კარგი რამ და კარგი ნიშანი" - ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას.

დანიგანმა კვლავ გაიმეორა აშშ-ის პოზიცია, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს და ნეგატიურად აისახება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტსა და აშშ-ში მოქმედ FARA-ს შორის მსგავსება საერთოდ არ არის.

"აშშ-მ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი შეშფოთება და პოზიცია, როგორც საჯაროდ ისე პირად საუბრებში ამ კანონპროექტის შესახებ, რომ თუ იგი იქნება მიღებული ეს საქართველოს დააშორებს თავის ევროპულ გზას და ამავდროულად, ამ კანონის მიღება ნეგატიურად აისახება არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ სიკეთე მოუტანონ საზოგადოებას და მოსახლეობას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ არ არის მარტო ამ პოზიციაში და ამ შეშფოთებას იზიარებს ევროკავშირი, ევროსაბჭო, ნატო, ევროპარლამენტი, ცალკეული ევროპული ქვეყნები - მათაც მიაჩნიათ რომ კანონის მიღებას ექნება ნეგატიური გავლენა საქართველოს ევროპულ გზაზე.

როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა პარტნიორმა, მეგობარმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა - არის თუ არა ეს კარგი რამ და კარგი ნიშანი.

მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი. აშშ მიესალმება ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ასე რომ, ეს კანონი ამერიკულისგან ძალიან განსხვავებულია. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და აგრძელებს ქვეყნის ევროპული გზის მხარდაჭერას", - აღნიშნა ელჩმა. 

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა