ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების თემა, პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა. "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებას უფასო ავიარეისებით ჩამოიყვანონ საქართველოს მოქალაქეები, პრემიერ-მინისტრმა კატეგორიული უარით უპასუხა. ის, რომ უკვე დანიშნული რეისები საკმარისი არ არის, უცხოეთში დარჩენილი თანამოქალაქეების არაერთი ინტერვიუ ადასტურებს - აღარ აქვთ სამსახური, ფული და თავშესაფარი. ამ პირობებში კი ხელისუფლება ირწმუნება, რომ მოქალაქეებს ორგანიზებულად და გაწერილი გრაფიკით დააბრუნებს სამშობლოში.
თუმცა პრემიერის განცხადების შემდეგაც გაურკვეველი დარჩა, როგორ ან როდის დაბრუნდებიან ქართველი ემიგრანტები სამშობლოში. ერთადერთი, რაც გიორგი გახარიამ დაზუსტებულად თქვა, არის ის, რომ „ოცნება" მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს. გახარიას კატეგორიული უარის მიუხედავად, ექსპრეზიდენტი სპეციალური ფრენების შესასრულებლად მუშაობას აგრძელებს.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, უკრაინული კომპანია „სქაი აპი" მზად არის საქართველოში უფასოდ დააბრუნოს 5 ათასი ემიგრანტი. პირველი ფრენა 31 მარტს ვარშავის მიმართულებით უნდა განხორციელდეს.
საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას "ნაციონალური მოძრაობა" მარტო ვერ შეძლებს, ამისთვის მთავრობის ნებართვა აუცილებელია. ემიგრანტების მონაცემები საჰაერო სივრცის გახსნის ნებართვასთან ერთად პარტიის წევრებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციას გადასცეს.
დახმარების სურვილი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამაც გამოითხოვა, რომელიც ავიაბაზარზე მომუშავე კომპანიებს აერთიანებს. „ჰაბჯორჯია" მზად არის ემიგრანტების დაბრუნების პროცესში ჩაერთოს.