შეცვლის თუ არა საგანგაშო მდგომარეობას ახალი ენერგორეგულაციები - ახალი კანონი ძალაში პირველი ნოემბრიდან შევა. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი რეგულაციები არაკონსტიტუციურია.
ახალი რეგულაციების მიღება სანზონაში მომხდარი აფეთქების შემდეგ დაჩქარდა. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ უნდა დაიწყოს საინფორმაციო კამპანია. მან ყველაზე საშიშ ზონებად ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონები დაასახელა. ვარდიაშვილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ამ რაიონის გამგებლებთან შეხვედრას იწყებს.
"რეგულაციები იქნება ორი მიმართულებით, ერთი მომხმარებელთა სანქცირების და პასუხისმგებლობის განაწილების თვალსაზრისით, ხოლო მეორე იქნება შიდა ქსელის მოწყობის და რეგლამენტის მიღებასთან დაკავშირებული რეგულაციები. უპირველეს ყოვლისა ჩვენ მივიღებთ რეგულაციას, საქმეში ერთვება პოლიცია, სადაც მომხმარებლის მხრიდან არის ურჩობა და ის არ ემორჩილება კომპანიის წარმომადგენლის მოთხოვნებს, რომ შეამოწმებინოს მისი საცხოვრებელი ფართი," - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.
ახალ რეგულაციებს აფასებენ დარგის სპეციალისტები. გაზის მეურნეობის ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციები, რომლებიც უნდა ამოქმედდეს პირველი ნოემბრიდან, პირდაპირ არღვევს მოქალაქეების უფლებას, კერძოდ კი საკუთრების უფლებას. ვინაიდან, ახალი რეგულაციები იცავს კომპანიის უფლებებს და უფრო ხელსაყრელი ხდება მათთვის. რეგულაციები კომპანიებს აძლევს საშუალებას, რომ სრული პასუხისმგებლობა დარღვევებზე, გადაცდომებზე ან შესაძლო უბედურ შემთხვევებზე, გადააბრალონ მოქალაქეებს.
„პრობლემას წარმოადგენს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებთან და კერძო საკუთრების უფლებებთან მიმართებაში. აქ საუბარი იმაზეა, რომ როდესაც ენერგეტიკის სამინისტრო გაუქმდა, ქვეყანაში არ არსებობს არავითარი სტრატეგიული განვითარების გეგმა, უკანასკნელი 25 წლის მანძილზე არასწორი გზით ვიარეთ და შესულები ვართ ჩიხში,“ - აცხადებს ენერგოუსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი ჭაღიაშვილი.