logo
ENG



ენმ-ის აჭარის ორგანიზაცია: სირცხვილის კორიდორებს ძალაში ვტოვებთ

17 ნოე 202011:52
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/17/tegb65c3ls6yj7o.jpg

"ერთიანი ნაციონლური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი გიორგი კირთაძე ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ სირცხვილის კორიდორები კვლავ ძალაშია. კირთაძის თქმით, არჩევნების გამყალბებლებს მოუწევთ ხმაურიან დერეფნებში გავლა და ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება.

როგორც კირთაძე აცხადებს, პროვოკაციები მმართველი გუნდის ხელწერაა და საარჩევნო უბნებთან ენმ-ის წევრები პროტესტი მშვიდობიანი იქნება.

"ენმ-ის აჭარის ორგანიზაცია სირცხვილის კორიდორების ამბავს ძალაში ტოვებს. ამ კორიდორებში გავლა მოუწევთ გაყალბებაზე პასუხისმგებელ პირებს. ქართული ოცნება არჩევნებზე ამომრჩევლის დაშინებით მიყვანას ცდილობს. აქედან გამომდინარე, ეს არჩევნები არ არის. ჩვენ ამას გავაპროტესტებთ. საპროტესტო მუხტი იქნება მთავრობასთანაც და გადავა ყველა საარჩევნო უბანთან. ჩვეულებრივი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას არავინ ეხება, შევლენ უბანზე მისცემენ ხმას და დამთავრდება ყველაფერი. ვინც არჩევნები გააყალბა, იმათ ხმაურიან კორიდორებში მოუწევთ გავლა", - აცხადებს კირთაძე.

ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის თქმით, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არ გეგმავს, აქციები შეწყვიტოს. ვარშალომიძემ ამომრჩეველს მოუწოდა, არ წავიდეს არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც 21 ნოემბერს არის დაგეგმილი. 

ამავდროულად, ვარშალომიძე გამოვიდა სირცხვილის დერეფნის ინიციატივით: 

"ყველას მოგიწოდებთ, დავდგეთ საარჩევნო უბნებთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორი. ვნახოთ, რამდენი ყავს ქართულ ოცნებას მხარდამჭერი". - თქვა ვარშალომიძემ.  

ვარშალომიძის განცხადებას სხვა ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებთან ერთად უარყოფითად შეაფასეს ენმ-ის წევრებმაც.

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი მეორე ტურის დროს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების მოწყობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვინც სხვის ამომრჩეველსაც პატივს არ სცემს, ნდობა არ ექნება.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლევან ვარშალომიძის პასუხად Facebook-ზე წერს, რომ მისგან მეორე ტურზე სირცხვილის კორიდორი არ იქნება. 

სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება, - ასე ეხმაურება ვარშალომიძის განცხადებას ლელო-ს ლიდერი დავით უსუფაშვილი.


close დახურვა