logo
ENG



ენმ-ის პროვოკაცია დაბალი რეიტინგის გადასაფარად - ოცნების ლიდერები ძალადობრივ ფაქტებზე

28 სექ 202021:01
3 წუთის საკითხავი
 
0n01dz9rqv504fe.jpg

"ნაციონალური მოძრაობის პროვოკაცია დაბალი რეიტინგის გადასაფარად", - ეს ოცნების ლიდერების საერთო შეფასებაა ბოლნისში მომხდარ დაპირისპირებაზე. მომხდარს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს, 28 სექტემბერს ბრიფინგი მიუძღვნა, სადაც აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, როგორც კონფლიქტის, ისე წინა დღეების განმავლობაში მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას.

"ფაქტია, რომ ნაციონალურ მოძრაობაში კარგად იციან, რომ არჩევნებში დამარცხებისთვის განწირულები არიან და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, მათი უცვლელი მეთოდები, სიცრუისა და ძალადობის გამოყენებაა, რათა პროვოკაციებისა და ვითარების ესკალაციის ფონზე, რაიმე სარგებელი მიიღონ.

მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ საკუთარ კვლევებსაც კი მალავენ, ამაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და მათი პარტიული ტელევიზიების საშუალებით გაყალბებული მონაცემების ტირაჟირებას ახდენენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ძალადობისა და პროვოკაციების გარდა სხვა არაფერი დარჩენიათ", - ამბობს მდინარაძე. 

მსგავსი შინაარსის შეფასება გააჟღერა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმაც. მან სოფელ ნახედურში მომხდარს ნაციონალური მოძრაობის "რამდენიმეეტაპიანი პროვოკაცია" უწოდა და აღნიშნა, რომ მათ ვერცერთ ჯერზე ვერ მოახერხეს ამ პროვოკაციაში ჩაერთოთ ქართული ოცნების აქტივისტები.

"ჩვენ მივმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მისიებს, რომლებიც არიან დამკვირვებლებიც წინასაარჩევნო პროცესში, რათა მოხდეს მსგავსი საკითხების შეფასება. ჩვენ მათ აუცილებლად მივაწვდით ამ საკითხზე ამომწურავ ინფორმაციას. ჩვენ ადრეც ვპროგნოზირებდით, რომ მიუხედავად იმისია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არჩევნები  სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდეს, იმ ოპოზიციის მხრიდან, რომლის რეიტინგიც ნულთან მიახლოებულია, იქნებოდა გარკვეული პროვოკაციები", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა. 

დაპირისპირება ბოლნისში გუშინ ღამით მოხდა, რა დროსაც ქართული ოცნების მხარდამჭერები და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ყვებიან, რომ სოფელ ნახიდურში ჩაიხანაში ჩაის სვამდნენ როცა ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის - გოგი მეშველიანის - ძმა, დაჯგუფებასთან ერთად, მათ თავს დაესხა. მათივე მტკიცებით, თავდამსხმელები შეიარაღებუბლები იყვნენ.

გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ მუნიციპალიტეტში ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩასულ კოლონას უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს, დაშავდა მძღოლი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

 

 

 

 

 


close დახურვა