logo
ENG



ენმ-ის ყოფილმა დეპუტატმა, რომელმაც 65 მილიონის ტენდერი მოიგო, 40 ათასი ლარი ოცნებას შესწირა

21 მაი 202414:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/21/xl03meuvatb7kfa.jpeg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, ენმ-ის ყოფილმა დეპუტატმა, სერგო ხაბულიანმა, 65-მილიონიანი ტენდერი მოიგო, რის შემდეგად 40 000 ლარი ქართულ ოცნებას შესწირა. 

ხაბულიანმა ენმ 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა და პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელა. 2018 წლიდან ხაბულიანმა, მისმა ცოლმა, ლელა მეშველიანმა, შვილებმა, ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და მისმა კომპანია ცეკურმა მმართველ პარტიას 438 000 ლარი შესწირეს. შპს ცეკურმა კი მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან 65 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი მოიგო. TI-ის ცნობით, 2013 წლიდან ამ კომპანიას 280 მილიონ ლარამდე ტენდერი აქვს მოგებული. 

ეს ინფორმაცია ორგანიზაციას TI-ის ახალ კვლევაშია მოცემული, რომელიც 2024 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულებებს მიმოიხილავს. 

კვლევაში ნათქვამია, რომ წინა კვარტლისგან განსხვავებით, ქართულმა ოცნებამ 10 მილიონ ლარამდე შემოწირულობა მიიღო, ამჯერად კი ეს თანხა 20-ჯერ ნაკლები იყო. 

"თუმცა პარტიის შემომწირველებს შორის კვლავ ფიგურირებდნენ მრავალმილიონიანი სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შპს ცეკურის და ბონდი-2009 მეწილეები, აგრეთვე შემომწირველები, რომლებთან დაკავშირებული კომპანიებიც მსხვილ სუბსიდიებს იღებენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით", - ვკითხულობთ კვლევაში. 

ამასთან, დგინდება, რომ 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ყველამ პარტიამ ჯამში 1 224 111 ლარის შემოწირულობა მიიღო, აქედან 37% კი ქართულ ოცნებაზე მოდის, კერძოდ, 447 030 ლარი. 

კვლევის თანახმად, მეორე ადგილასაა ლელო -  445 500 ლარი, ხოლო მესამეზე ენმ, მისი შემოწირულობების რაოდენობა 170 720 ლარს უტოლდება. 

ამასთან, საანგარიშო პერიოდში 12 800 ლარის შემოწირულობა მიიღო ახალდაარსებულმა ღიად პრორუსულმა პარტიამ სოლიდარობა მშვიდობისთვის. 


close დახურვა