logo
ENG



ენმ-ის წევრები ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას ნიკა მელიას დაკავების უფლებას არ მისცემენ

17 თებ 202113:02
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მმართველ გუნდს ნიკა მელიას დაკავების უფლებას არ მისცემენ.

თავად ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ღამე პარტიის ოფისში გაათენა. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროკურატურის განცხადება დააკმაყოფილა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუწყვიტა, დღეს, 16:00 საათზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. მოსამართლე მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობაზე იმსჯელებს. 

"ვერანაირად ვერ განახორციელებს ქართული ოცნება იმას, რომ დააკავოს ნიკა მელია. ეს არ არის ერთი ადამიანის დაკავება, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ და დღევანდელმა ე.წ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს, რამენაირად მოახერხოს ამ ქვეყნის მომავლისთვის მებრძოლი ადამიანის დაკავება, რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს არ იცავდა". - თქვა ენმ-ის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა. 

"ყველამ ვიცით, რომ ნიკა მელიას დაკავება იქნება უკანონო, იმიტომ, რომ საქმე არის უკანონო. ნიკა მელია არ აპირებს, თავისი ფეხით ჩაბარდეს". - თქვა გიორგი ხვედელიანმა. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელია სწორედ ამ თანხის გადახდას არ აპირებს, შესაბამისად, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობს. 


close დახურვა