logo
ENG



ენმ-ის წევრები პარასკევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე კალაძის მისვლას მოითხოვენ

24 აგვ 202312:32
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრები პარასკევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის მისვლას მოითხოვენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ აღნიშნეს, თბილისში დაგეგმილ ცათამბჯენების მშენებლობებზე არსებობს მწვავე კითხვები და საზოგადოების კრიტიკა, რასაც კალაძემ პასუხი უნდა გასცეს.

"კახი კალაძე, არ შეგეშინდეს, არ დაიმალო. საზოგადოებაში არის მწვავე პროტესტი, მწვავე კრიტიკა, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა. თუ ხარ მართალი, თუ ფიქრობ, რომ ეს პროექტები თბილისელებისთვისაა კარგი და არა ივანიშვილ-ჩხარტიშვილისთვის და მაფიოზებისთვის, მოდი და შენ თავად გაგვეცი პასუხი. გაეცი საკრებულოს და თბილისელებს პასუხი, რატომ გინდა, რომ ეს ქალაქი კიდევ ურო უარესი გახდეს საცხოვრებლად და გადააქციო ჯოჯოხეთად"- თქვა თბილისის საკრებულოში, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

პარასკევს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე თბილისში დაგეგმილი რამდენიმე სადავო პროექტი განიხილება. მათ შორისაა ლაგუნა ვერეს მიმდებარედ 52-სართულიანი კომპლექსების აშენება, ალექსიძის ქუჩაზე King David-ის გვერდით 40-სართულიანი ცათამბჯენის პროექტი, ჭავჭავაძის გამზირზე მულტიფუნქციური სასტუმრო-ცათამბჯენი და ასევე, დიდ დიღომში ახალი უბნის მშენებლობის საკითხი.


close დახურვა