ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყო, სადაც შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხი განიხილება. პარტიის ერთ-ერთი წევრი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ სანამ დოკუმენტს ხელს მოაწერენ, ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს.
"მნიშვნელოვანია, სანამ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა მოხდება ჩვენი მხრიდან, ნიკა მელია გათავისუფლდეს, ყველამ კარგად ვიცით, მისი პატიმრობის საფუძველი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. [...]
შემდეგ შესაძლებელი იქნება მემორანდუმის ტექსტზე და პუნქტებზე შეთანხმების მიღწევა. ეს დოკუმენტი არ უნდა იქცეს ნიკა მელიას თავისუფლების ვაჭრობის დოკუმენტთან. მნიშვნელოვანია, გირაოს საკითხი მოიხსნას.
ნიკა მელიას გათავისუფლება შექმნიდა სრულფასოვან ატმოსფეროს რომ ამ დოკუმენტზე შეთანხმება მიღწეულიყო", - თქვა ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან პოლიტსაბჭოს დაწყებამდე.
დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.
მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.
- ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
- რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე.
- და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.