logo
ENG



ენმ-ს რამდენიმე განცხადება აჩენს განცდას, რომ მიდგომის გადახედვა ხდება-ბოკერია

04 ივნ 202014:20
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი შეთანხმდეს ერთობლივ კანდიდატებზე მაჟორიტარულ ოლქებში, რათა მმართველმა გუნდა გამარჯვება ვერ მოიპოვოს. 

ბოკერიამ კონკრეტულად "ნაციონალური მოძრაობა" გამოყო და აღნიშნა, რომ პარტია ბოლო პერიოდის განმავლობაში ორაზროვან განცხადებებს აკეთებს, რაც სავარაუდოდ ერთობლივი კანდიდატების წარდგენის საკითხის გადახედვას გულისხმობს. მისივე თქმით, ყველა მსხვილმა პარტიამ კონსენსუსს უნდა მიაღწიოს. 

"დრო აღარ არის ბევრი. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება შედგეს ძალიან მალე, განსაკუთრებით თბილისზე და შედეგები საზოგადოებას გაეცნოს. სრული უპასუხისმგებლობაა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია, რაიმე მოტივით, ვგულისხმობ იმ პარტიებს, ვინც თავიდანვე იყო ამ მოლაპარაკებებში ჩართული, მოგეხსენებათ "ლელო" თავიდანვე სკეპტიკური იყო, ამიტომ მათ პოზიციას არაფერი შეუცვლია, მაგრამ სხვა მსხვილი პარტიები, ვისზეც არის რისკების შემცირება დამოკიდებული, რომ პირველივე ტურში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება მკაფიო იყოს, უნდა დარჩნენ ამ შეთანხმების ერთგული. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რა დროსაც ჩნდებოდა განცდა, რომ ამ მიდგომის გადახედვა ხდება. იმედი მაქვს, რომ ეს განცხადებები დარჩება უსარგებლო განცხადებებად და ეს არ არის მომზადება შეთანხმების ჩაშლისთვის. ჩვენი პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ივანიშვილის რეჟიმი უნდა დასრულდეს. თუ ასე არ იქნება, სრული უპასუხისმგებლობაა რისკზე წასვლა, როდესაც შანსი გაქვს სიტუაციის პირველივე ტურში გარკვევის და ამის არ მიყვანა მეორე ტურამდე. არ ვამბობ, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებენ, მაგრამ რა ლოგიკაა, რომ გავრისკოთ. რაც უფრო მეტი გავლენა გაქვს, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს. იმედი მაქვს გონიერება გაიმარჯვებს და მალე გვექნება წარსადგენი სია", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 


close დახურვა