logo
ENG



ენმ: სოლიდარობა სამხარაძეს, მის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს

27 მარ 202318:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/27/unjx1oryo3wnre1.jpeg

ნაციონალური მოძრაობა მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს და მეგობარი სახელმწიფოების საელჩოებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სახალხო დამცველის აპარატს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს.

ამავე ხელისუფლების საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ თათია სამხარაძე ოცნების პროპაგანდისტის ყოვლად ამორალური და კანონგარეშე ქმედებების მსხვერპლია.

დღეს სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება - სექსუალურად შემვიწროებელი პირის ორგანიზებით და ამ პირის ფორმალური თუ არაფორმალური სახელისუფლებო გავლენების გამოყენებით, შურისძიებისა და ძალადობის სხვა ფაქტების გადაფარვის მიზნით, შევიწროების მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს.

დევნაში მთელი სამთავრობო მედია, პოლიცია და ტროლ-ბოტების რესურსია ჩართული.

ფართო საზოგადოებისთვის ცნობადი, ძალადობის მსხვერპლი ქალის მისამართით მსგავსი მასშტაბით ორგანიზებული სახელისუფლებო დევნის გაბედვა, კარგად წარმოაჩენს იმას, თუ როგორ არის საქართველოში დაცული რიგითი მოქალაქის უფლებები. ხელისუფლება ღიად აფიქსირებს, რომ საკუთარი ძალაუფლების გასახანგრძლივებლად რუსული სტილის რეპრესიებს იყენებს და სახლში შეუვარდება ყველას - ყოველგვარი მიზეზების გარეშე!

მოვუწოდებთ საქართველოში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების საელჩოებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატსა და ყველას, ვისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის უფლებების მსგავსი ცინიზმით და თავხედობით ფეხქვეშ გათელვა, შესაბამისი სიმძაფრით აღვიქვათ პრობლემის არსი და გვქონდეს პროპორციული რეაქცია"- ნათქვამია განცხადებაში. 

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის, POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს, გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. 

პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

27 მარტს თათია სამხარაძემ თქვა, რომ ამ დრომდე მის სახლთან იმყოფება სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის გადამღები ჯგუფი და საქართველოს პრეზიენტს დახმარება სთხოვა.

"ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში?

ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!" - თქვა სამხარაძემ.

თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა.

2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.

ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 


close დახურვა