logo
ENG



ენმ ბაკურიანში პრემიერის ცოლისთვის იჯარით გადაცემული ტყის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ითხოვს

28 იან 202217:55
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებისგან პრემიერმინისტრის ცოლისთვის, ნუნუ თამაზაშვილისთვის ბაკურიანში იჯარის წესით გადაცემული ტყის სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნებას მოითხოვს. ბორჯომის საკრებულოს წევრები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

პრემიერის ცოლისთვის ბაკურიანში ტყის ფართობის 49 წლით სარგებლობაში გადაცემის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. საუბარია 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ტყის მასივზე.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მტკიცებით, ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუ თამაზაშვილმა ტყის ფართობით სარგებლობის უფლება ელექტრონული აუქციონით მოიპოვა. სააგენტოს ინფორმაციით, ტყით სპეციალური სარგებლობა საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული, თუ სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით 49 წლის ვადით სხვადასხვა ვალდებულებების გათვალისწინებით გამოცხადდა. ეს ვალდებულებები ახლა ნუნუ თამაზაშვილს აკისრია. სააგენტოს ირწმუნება, რომ ამ აუქციონში მონაწილეობა ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეეძლო.

ტყის ფართობის სახელმწიფოსთვის დაბრუნების მოთხოვნა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, გიორგი ბოტკოველმა და ლევან ხაბეიშვილმა ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე გააჟღერეს და დეპუტატებს განცხადებაზე ხელმოწერა სთხოვეს.

მმართველი პარტიის წევრებმა ხელმოწერაზე უარი განაცხადეს, რასაც საკრებულოში ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ეს ტერიტორია ეკუთვნის ბაკურიანელებს, ხალხს და უნდა დაუბრუნდეთ ამ ადამიანებს და არ უნდა იყოს ნუნუ თამაზაშვილის უკანა ეზო დაბა ბაკურიანი. ჩვენი ფრაქციის წევრები ამას ხელს მოაწერენ. პირველი საკრებულოს თავმჯდომარესთან მექნება თხოვნა დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ბორჯომში დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე.

ბოტკოველი და ხაბეიშვილი, აქტივისტებთან ერთად დღეს ბაკურიანის ტყის იმ ნაწილში აპირებდნენ მისვლას, რომელიც ღარიბაშვილის ცოლს ცოტა ხნის წინ გადაუფორმდა. თუმცა პრემიერმინისტრის სახლის მიმდებარე ტერიტორია და ტყემდე მისასვლელი გზა პოლიციელებმა გადაკეტეს. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის თანამშრომლები და ყოფილი საჯარო მოხელეებიც.

მხარეებს შორის სიტუაცია დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.


close დახურვა