ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ თაროზე შემოდო მათ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითვალისწინებს.
ნაციონალური მოძრაობა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გამკაცრების საკანონმდებლო ინიციატივით 2022 წლის 26 აპრილს გამოვიდა. ცვლილებების მიხედვით, პირებს, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობდნენ ან დღემდე მონაწილეობენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და სამხედრო აგრესიაში, საქართველოში შემოსვლა და ეკონომიკური აქტივობების განხორციელება აეკრძალებათ.
ფრაქციის ერთ-ერთი წევრის თინა ბოკუჩავს თქმით, მოითხოვენ, რომ მოხდეს ამ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ენმ-მ 1 წლის წინ დააინიცირა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დააყენებენ.
"ჯერ კიდევ შარშან, ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ინიცირება მოახდინა კანონპროექტის, რომელიც აკრძალავდა სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. ნაცვლად იმისა, რომ უმრავლესობას ეს კანონპროექტი განეხილა დაჩქარებული წესით, მათ აღნიშნული კანონპროექტი თაროზე შემოდეს და გაყინეს საპარლამენტო პროცესი. რუსულმა ოცნებამ შემოუშვა გავრილოვი, თავის დროზე, რომელმაც საქართველოს მიმართა იმ სკამიდან, საიდანაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, მათ შემოუშვეს რუსი პროპაგანდისტი პოზნერი, როდესაც ქვეყანა დახურული იყო, მათ შემოუშვეს ახლა უკვე ლავროვის ოჯახის წევრები, რომლებიც არიან საერთაშორისოდ სანქცირებული პირები, რომლებისთვისაც დაკეტილია მთელი თავისუფალი სამყარო, ვინ იქნება შემდეგი ამ ხელისუფლების პირობებში? თავად ლავროვი? რომელიც არქიტექტორია 2008 წლის ომის, გენოციდის, ჩვენი მოქალაქეების დახოცვის, უკრაინის ომის და რომელიც ამბობს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ვის ველოდოთ საქართველოში შემდეგს? ამ ხელისუფლების პირობებში არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მომავალშიც არ შემოვლენ საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული პირები.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჯერ კიდევ 1 წლის წინ დააინიცირა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. ჩვენ აღნიშნულ საკითხს დავაყენებთ დღეს ბიუროს სხდომაზე და მოველით, რომ საქართველოს პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება განახორციელოს იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესი და აკრძალოს სანქცირებული პირების შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა ბოკუჩავამ.
ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, რას ითვალისწინებს ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა.
"ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლის მხრიდანაც ხორციელდება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია, სამხედრო აგრესია. ასევე, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც თანამშრომლობენ ისეთ კომპანიებზე, რომლებიც სანქცირებული არიან. ასევე, საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზეც გავრცელდება, თუ ისინი თანამშრომლობენ რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომლებიც სანქცირებული არიან და სამხედრო მრეწველობაში ჩართულები არიან. ასევე, ეკრძალებათ იმ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არიან, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტენდერებში მონაწილეობა. ერთი სიტყვით, ეს კანონპროექტი ეხება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც ერთის მხრივ, საქართველოს წინააღმდეგ ოკუპაციის არაღიარების პოლიტიკას მისდევენ, ასევე ის პირები, რომლებიც უკრაინასთან მიმართებით ჩართულნი არიან სამხედრო მრეწველობაში, არ აღიარებენ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ბეჟაშვილმა.