logo
ENG



ენმ კომიტეტის შეფასებაზე: დასტურია, რომ სააკაშვილი ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია

18 იან 202415:08
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობა ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ კლინიკა ვივამედის დაცული პალატებისა და პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშს განცხადებით ეხმაურება.

პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ანგარიში დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და "ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია".

ენმ-ში აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს მდგომარეობა "ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკური მართლმსაჯულებითაა გამოწვეული". პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

"პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. მის წინააღმდეგ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს საქმეების აღძვრა დააანონსა და საქმეების არაღძვრის წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა საჯაროდ მოითხოვა.

პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული პოლიტიკური საქმეების ავტორი ყოფილი გენერალური პროკურორი, ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრი, შეერთებული შტატების მიერ რუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიცრობისთვის სანქცირებული, ოთარ ფარცხალაძეა. სააკაშვილის საქმეებს სასამართლოში წარმართავენ და/ან კურირებენ შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები.

პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან და ამას ითხოვს ქართველი ხალხის უმრავლესობა. ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პოლიტიკური პატიმრობა საფუძველშივე სპობს შესაძლებლობას, რომ 2024 წლის არჩევნებში ქართველმა ხალხმა თავისი ნება თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში გამოხატოს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობაა.

ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იმყოფება „ვივამედის“ კლინიკაში, სწორედ პოლიტიკური პატიმრობითაა გამოწვეული.

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნაა, რომ კლინიკა „ვივამედში“ არის „სიტუაცია, რომელიც არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.“

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ითხოვს, რომ „ვივამედში“ პენიტენციურ პაციენტებზე მომხდარ ძალადობაზე დაწყებულ გამოძიებებთან დაკავშირებით მიეწოდოს ინფორმაცია. როგორც ცნობილია, „ვივამედში“ გადაყვანისას პრეზიდენტ სააკაშვილზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა იძალადეს.

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, ასევე აღნიშნავს, რომ „ვივამედში“ სათანადოდ არ კეთდება სამედიცინო ჩანაწერები, განსაკუთრებით პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში. ასევე, არ არის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა. უფრო მეტიც, პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში, გარკვეული სიმპტომების სათანადო კვლევაც კი არ ჩატარებულა. კომიტეტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სამედიცინო პროცესს უშიშროების სამსახურები წარმართავენ და არა სამედიცინო პერსონალი.

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შეფასება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია.

ეს მდგომარეობა გამოწვეულია ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკურ მართლმსაჯულებით და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, როგორც პოლიტიკური პატიმარი", - ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში. 

ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი აქვეყნებს ანგარიშს კლინიკა ვივამედის დაცული პალატების შესახებ, სადაც მსჯავრდადებულები სამედიცინო მომსახურებას იღებენ.

ანგარიშის მიხედვით, ვივამედი პაციენტებს ვერ სთავაზობს შესაბამის თერაპიულ გარემოს, რადგან "საბოლოო სიტყვა არა ექიმებზე, არამედ პენიტენციურ სისტემაზეა".

დოკუმენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები, თუმცა კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დოკუმენტში, ის მოხსენიებულია როგორც პაციენტი C-ი. კომიტეტის შეფასებით, კლინიკაში არსებული მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ამავე ანგარიშში წერია, რომ პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის მიმართ პატივისცემის სრული ნაკლებობაა. 


close დახურვა