logo
ENG



ენტონი ბლინკენი 19 იანვარს კიევში გაემგზავრება

18 იან 202220:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/18/g9okany5z5o82y1.jpeg

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 19 იანვარს კიევში გაემგზავრება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, ვიზიტი არის აშშ-ს ძალისხმევის გაგრძელება, რათა დაარწმუნონ რუსეთი უარი თქვას ვითარების ესკალაციაზე.

კიევში გამგზავრებამდე ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ დაძაბულობის დეესკალაციისთვის ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა დიპლომატიური გზის აუცილებლობას. გარდა ამისა, აშშ-ს მაღალჩინოსანმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

კიევში ბლინკენი უკრაინის ხელისუფლებისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდება. კიევიდან ის ბერლინში გაემგზავრება, სადაც უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის საფრთხეზე აშშ, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იმსჯელებენ.

ბლინკენი-ლავროვის საუბრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აგრესორი ქვეყანა კვლავ ითხოვს "უსაფრთხოების გარანტიებს", რომელიც გასული კვირის მოლაპარაკებების დროსაც განიხილეს. მოსკოვი მათზე წერილობით პასუხს ელოდება.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ არ აპირებს უკრაინაში შეჭრას, ამავე დროს მეზობელი ქვეყნის საზღვარზე მობილიზებული სამხედროების შემცირებას არ აპირებს. უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროს ყოფნა და რუსეთის მხრიდან მომდინარე რიტორიკა აფიქრებინებს დასავლეთს, რომ მოსკოვი ინტერვენციისთვის ემზადება. აშშ აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის მიმართ მკაცრ ზომებს გამოიყენებენ.


close დახურვა