რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის თქმით, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან 12 პირია იდენტიფიცირებული.
"12-ის იდენტიფიცირება მოხდა პოლიციის მიერ და 6 მათგანი ოჯახის მიერ იქნა ამოცნობილი. 5 მიცვალებულზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება. ხიდის აღდგენამ გაამარტივა ტექნიკის მოძრაობა. ორი მიმართულებით მიდის გზის აღდგენა და რა თქმა უნდა, პრიორიტეტი აქვს მოძიებით სამუშაოებს. ამ ეტაპზე 25 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ჯამში, 80 ერთეულ მძიმე ტექნიკას ველოდებით", - ამბობს ენუქიძე.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.
ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.