მეექვსე დღეა, ერაყის ქალაქებში მოსახლეობა უმუშევრობას და კორუფციას აპროტესტებს.
მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს უკვე 100 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი კი 4 ათასს აჭარბებს. ქუჩაში გამოსული ხალხი აცხადებს, რომ პოლიცია მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გარდა ცეცხლსასროლ იარაღსაც იყენებს.
ადგილობრივების განცხადებით, პრემიერ-მინისტრი არაფერს აკეთებს. მას არ შეუძლია გასცეს ბრძანება იმ პოლიციელების დასაკავებლად, რომლებიც იარაღს ისვრიან.
ერაყში მიმდინარე მოვლენებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გამოეხმაურა და ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
დემონსტრაციები სამშაბათს დედაქალაქიდან დაიწყო. მეორე დღეს საპროტესტო აქციები უკვე რეგიონებსაც მოედო. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა ბაღდადში კომენდანტის საათი გამოეცხადებინა. მიღებული ზომები უშედეგო აღმოჩნდა, რადგან დედაქალაქშიც და რაიონებშიც, აკრძალვების მიუხედავად, აქციები კვლავ იმართება.