თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის სტამბოლში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა NATO-ს წევრობას უდავოდ იმსახურებს.
"ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა იმსახურებს NATO-ს წევრობას", - განაცხადა მან.
პრესკონფერენციაზე ერდოღანმა ისაუბრა თურქეთის შუამავლობით მიმდინარე მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებაზეც და განაცხადა, რომ მის გასახანგრძლივებლად მოლაპარაკებები გრძელდება.
AP-ის ცნობით, შემდეგ კვირაში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე, NATO-ს ლიდერები დაადასტურებენ, რომ უკრაინა ერთ დღეს ალიანსს შეუერთდება.
ერდოღანმა უკრაინას მხარდაჭერა NATO-ში შვედეთის გაწევრიანების შეფერხების პარალელურად გამოუცხადა. ცნობილია, რომ თურქეთი საბოლოო თანხმობის მიცემას იმ მიზეზით აყოვნებს, რომ მისი თქმით, სტოკჰოლმი ქურთ მებრძოლებს ეფექტურად არ ეწინააღმდეგება, რასაც ანკარა საფრთხედ მიიჩნევს.