თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ისრაელსა და პალესტინელ სამხედროებს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი განიხილა და კრემლის ლიდერს განუცხადა, რომ ისრაელს საერთაშორისო საზოგადოებამ "მკაცრი მაგალითი" უნდა აჩვენოს.
ერდოღანმა პუტინს ისრაელში გაეროს ფორმატით საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების გაგზავნის მოსაზრებაც გაუზიარა.
"ხაზგასმით აღვნიშნე, რომ გაეროს უშიშროების საბჭო უნდა ჩაერიოს, სანამ კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და საბჭომ უნდა დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია ისრაელის მიერ თავდასხმების შეწყვეტასთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ ერდოღანის განცხადებაში.
12 მაისს ისრაელმა ღაზის სექტორის მიმართულებით ასობით სარაკეტო გასროლა განახორციელა, პალესტინელმა სამხედროებმა კი თელავივისა და ქალაქ ბეერ-შევას მიმართულებით გადამღობი თავდასხმები აწარმოეს - 10 მაისის ღამით განახლებულ სამხედრო კონფლიქტს ამ დრომდე, მინიმუმ 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაღუპულთაგან 49 პალესტინელია.
ისრეალის თავდაცვის ძალების ცნობით, ისლამისტურმა დაჯგუფებამ 3 დღეში 1000-მდე სარაკეტო გასროლა განახორციელა, მათი უმეტესობა ცენტრალური ისრაელის, კონკრეტულად კი, თელავივის და მისი შემოგარენის მიმართულებით - ამ დრომდე სამხედრო კონფლიქტს ისრაელის 6 მოქალაქე ემსხვერპლა.
პალესტინური წყაროები იუწყებიან, რომ ეგვიპტე, ყატარი და გაერო ცეცხლის შეწყვეტის მიზნით მედიაციის მცდელობებს კვლავ განაგრძობენ, თუმცა ამ დრომდე პროგრესი არ მიღწეულა.
ისრაელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მათმა სამხედრო ძალებმა ისლამისტური დაჯგუფების ჰამასის 10-მდე ლიდერი მოკლეს, მათ შორის, სამხედრო აღჭურვილობის, უსაფრთხოების განყოფილების და ტექნიკური ინჟინერიის ხელმძღვანელი პირები.
"ჩვენ გავანადგურეთ ჰამასის წამყვანი მეთაურები და ეს მხოლოდ დასაწყისია", - განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც თელავივზე რამდენიმესაათიანი ინტენსიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ისლამისტური დაჯგუფების ლიდერებს მძიმე საპასუხო ნაბიჯებით დაემუქრა, - "ჩვენ მათ მიმართ იმ ტიპის თავდასხმებს განვახორციელებთ, რომელიც არც კი წარმოუდგენიათ".
პარალელურად, თავდაცვის ძალებმა ცენტრალური ისრაელის მოსახლეობის გაფრთხილება დაიწყეს, ხელისუფლება საპასუხო თავდასხმის მოლოდინშია. ღაზის სექტორის მოსაზღვრე დასახლებებში კვლავ გამაფრთხილებელი სირენები ისმის.