თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ჰამასი არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ "განმათავისუფლებელი ჯგუფია", რომელიც პალესტინელი ხალხისა და მიწის დაცვისთვის იბრძვის. მან ასევე ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
მმართველი პარტიის დეპუტატებთან საუბრისას ერდოღანმა ასევე მოუწოდა ისრაელსა და პალესტინურ ძალები ცეცხლის დაუყოვნებლის შეწყვეტისკენ და განაცხადა, რომ მუსლიმურმა ქვეყნებმა ერთად უნდა იმოქმედონ, რათა რეგიონში მყარი მშვიდობა უზრუნველყონ.
"ჰამასი არაა ტერორისტული ორგანიზაცია, ესაა განმათავისუფლებელი ორგანიზაცია, "მოჯაჰედები", რომლებიც საკუთარი მიწებისა და ხალხის დაცვისთვის ბრძოლას აწარმოებენ", - განაცხადა მან.
ერდოღანმა ასევე გააკრიტიკა დასავლური ქვეყნები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისრაელის საპასუხო ზომებს ჰამასის წინააღმდეგ და თქვა, რომ "ისრაელისთვის დაღვრილი დასავლური ცრემლები თაღლითობის გამოვლინებაა".
NATO-ში თურქეთის ბევრი მოკავშირე ქვეყანა ჰამასს სწორედ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ერდოღანის სიტყვებმა იტალიის პრემიერმინისტრის მოადგილის, მატეო სალვინის მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
"ჩემს კოლეგას [საგარეო საქმეთა მინისტრს] ოფიციალური პროტესტის გაგზავნასა და თურქეთის ელჩის გამოძახებას შევთავაზებ", - განაცხადა სალვინიმ.
თურქეთმა 7 ოქტომბერს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დაგმო, მაგრამ ასევე ისრაელს თავშეკავებული რეაქციისკენ მოუწოდა. მან ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორის დაბომბვა დაგმო.