ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ეხმაურება, რომელშიც ის აგვისტოს ომში არა რუსეთს, არამედ ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე საუბრობს. კოალიციაში ივანიშვილის ამ განცხადებას "ეროვნულ სირცხვილად" აფასებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ამ განცხადებით ქართული ოცნება ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს".
"მან და ქართულმა ოცნებამ ბოდიში უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე ამ მოღალატეობრივი განცხადებისთვის. ასევე იმისთვის, რომ 12 წლის განმავლობაში ხალხი გაღარიბდა, ქვეყანა დაიცალა, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. ქართველი ხალხის სიმართლე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით ჰააგასა და სტრასბურგში, ასევე ეუთოსა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებით. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს ქართულ ოცნებაზე და ერთიანობითა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზით განახორციელებს მშვიდობიან პოლიტიკას ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და მშვიდობიანი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერია განცხადებაში.
***
ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის "ნიურნბერგის პროცესი" დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი "გარედან დაგეგმილი პროვოკაცია" იყო, რომლის "გამჩაღებელი" მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ "აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".