ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის, თეონა იაშვილის განცხადებით, არქივის შენობის ეზოში ცეცხლი გაუჩნდა კინოფირების საცავს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ხანძარი ლოკალიზებულია.
"საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე, ეზოში, ცალკე მდგომ კინოფირების საცავს გაუჩნდა ხანძარი, სადაც ინახებოდა ნიტროფირები. ამ ეტაპზე, ხანძარი ლოკალიზებულია, ცეცხლი ჩამქრალია, გამოძიება დაადგენს დეტალებს. ადამიანები არ დაშავებულან", - განაცხადა მან.
ეროვნული არქივის განცხადებით, ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება - მათი თქმით, ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, საქართველოს ეროვნული არქივის შენობის მიმდებარედ ხანძარი იყო. ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ დაშავებულების შესახებ უწყებაში შეტყობინება არ შესულა.