logo
ENG



ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემზე და ჩემს ოჯახზე - რომეო ფარულავა

04 მარ 202014:58
3 წუთის საკითხავი
 
ab8ynqhhzgzdt4e.jpg

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისიის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომეო ფარულავას საკითხზე მსჯელობენ. 

თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, პოლიტიკური დევნა არა მხოლოდ მისი, არამედ მისი შვილის აქტიურობის გამოც მიმდინარეობს - როგორც რომეო ფარულავა განმარტავს, მისი შვილი, ნიკა ფარულავა, სამოქალაქო აქტივისტია და აღძრული საქმე მის საქმიანობასაც უკავშირდება.

„პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემზე და ჩემს ოჯახზე - ჩემი შვილი, ნიკუშა ფარულავა, არის „შეცვალეს“ აქტიური წევრი და ორივე მომენტი, როგორც ჩანს, არ აწყობს სახელმწიფოს", - აცხადებს რომეო ფარულავა.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ რომეო ფარულავას ქეისს კომისია სამართალმცოდნესთან ერთად განიხილავს და კონკრეტული კრიტერიუმებით შეაფასებს, არის თუ არა ფარულავას წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული.

„როცა საარჩევნო მოლაპარაკებები ხელისუფლებას ჩიხში შეიყვანა, თითქოს არ იმჩნევს პოლიტიკური პატიმრების არსებობას. 25-მდე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამას ემატება ასობით ადამიანი ადმინისტრაციული წესით გასამართლებული. ფარულავას საქმეზე გვაქვს აზრი, რომელიც უნდა გადამოწმდეს ადვოკატთან ერთად კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით - წარმოადგენს თუ არა ეს პოლიტიკური დევნის მაგალითს", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

„გამარჯვებულ საქართველოში“ კი ფიქრობენ, რომ რომეო ფარულავას წინააღმდეგ აღძრული საქმე არაფრით განსხვავდება სხვა პოლიტიკურად მოტივირებული ქეისებისგან

„ისევე, როგორ რომეო ფარულავა, ჩვენ ყველანი ვართ პოლიტიკური დევნის ობიექტები - ამას ყველა ვხედავთ. რომეოსთან მიმართებაში ალბათ ეს გამოიწვია მისი შვილის აქტიურობამ და გაურკვეველი, შეთითხნილი მიზეზის გამო მას შეუფარდეს გირაო ათასი ლარის ოდენობით"- აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კომისია „გავრილოვის ღამის“ შემდეგ პოლიტიკური პატიმრების დევნის საკითხებს განიხილავს. წინა შეხვედრებზე კომისიამ გიგი უგულავასა და დავით ქაცარავას პოლიტიკური დევნის საკითხზე იმსჯელა.


close დახურვა