logo
ENG



ეს არის პოპულიზმი და შავი პიარი - თალაკვაძე ლავროვის შესაძლო ვიზიტზე

29 იან 202015:44
3 წუთის საკითხავი
 
z27520pwsqgbwb2.jpg

არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებაზე გამოხმაურებებს პოპულიზმი და შავი პიარი უწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო უმასპინძლებს მინისტერიალს ისევე, როგორც სხვა ყველა ევროპული ქვეყანა. მისივე თქმით, საქართველო ყველანაირ ფორმატში შეახსენებს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

„ასე არ უთქვამს პრეზიდენტს, ეს არის ინტერპრეტაცია. სინამდვილეში მან ძალიან ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მიიღო რა საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, შესაბამისად აიღო ვალდებულებები, 6-თვიან პერიოდში ყველა იმ ღონისძიებაზე, რაც ტრადიციულად და ყოველთვის ტარდება ევროპის საბჭოს ფორმატში, როდესაც ქვეყანა ხდება თავმჯდომარე. მას აქვს პასუხისმგებლობები და მას აქვს ვალდებულებები. შესაბამისად, როცა ჩვენ გავხდით თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენც ეს ვალდებულებები გვაქვს აღებული, ისევე როგორც წარსულში ჰქონდა საფრანგეთს და სხვა ევროპულ ქვეყანას. თავისთავად, ეს გულისხმობს მინისტერიალის ჩატარებას საქართველოში. მინისტერიალი ტარდება ყველა წევრი ქვეყნის დელეგაციის მონაწილეობით და ზუსტად ეს განმარტა ზურაბიშვილმა. მე გთხოვთ, ინტერპრეტაციებს ნუ გააკეთებთ ისეთს, რაც მას არ უთქვამს, თუ თქვენ გაქვთ პრეტენზიები და თუ გინდათ ჩემი კომენტარები იმ ადამიანებზე რომლებიც ცდილობენ კამპანიის აგორებას, მე შემიძლია მოგიყვეთ და აგიხსნათ ამ ადამიანებს რა ამოძრავებთ, რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს და რას გააკეთებენ ეს ადამიანები გაზაფხულზე. ოპოზიციონერების ნაწილი პოპულისტია. შავი კამპანია სინამდვილეში არის ქვეყნის წინააღმდეგ. გავაკეთე ბევრად უფრო ადრე კომენტარი, მაგრამ რომ არ დაგახარჯინოთ ძალისხმევა, დღეს გავიმეორებ. საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, შეასრულებს ყველა თავის ვალდებულებას. საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს არ გაექცევა არც ერთ ფორმატში რუსეთისთვის იმის შეხსენებას, იმ პოზიციების პრინციპულად დაფიქსირებას, რომ რუსეთი უკანონო ოკუპაციას ახორციელებს, არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს, არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და ეს ოკუპაცია უნდა დასრულდეს. ნებისმიერ ფორმატში, საქართველო რუსეთის ფედერაციას ყოველთვის შეახსენებს ამ დარღვევას და მათ შორის ქალბატონმა ზურაბიშვილმაც შეახსენა გუშინ, რომ მათ სტრასბურგის საქმეზე დაკისრებული აქვთ ვალდებულება და უნდა შეასრულონ", - განმარტა არჩილ თალაკვაძემ.


close დახურვა