რა ზარალი ნახეს დეველოპერულმა კომპანიებმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად - ამ კითხვაზე მმართველ გუნდში კონკრეტული პასუხი არ აქვთ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერების დახმარების პროგრამა პრევენციული ხასიათისაა, რომ ამ სექტორში კრიზისის თავიდან აცილება მოხდეს. ამასთან, ისინი არ იზიარებენ ოპონენტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დახმარების პაკეტი უსამართლოა.
„ეს არის პოსტკრიზისული ნაბიჯი. კრიზისი არის შექმნილი პანდემიიდან გამომდინარე. ამ პანდემიამ ბუნებრივია ზიანი მიაყენა მოსახლეობის სხვადასხვა ფენას, სხვადასხვა სუბიექტს. თქვენ იცით მაგალითად იგივე პრობლემები იყო 2008 წელს და მაშინ 0 თეთრი ჩადო ხელისუფლებამ ასეთი პრობლემების დაძლევისათვის. დღეს ეს ნული თეთრი არის მინიმუმ 3 მილიარდი ლარი, რაც არის გათვალისწინებული ხელისუფლების მხრიდან. ამ გეგმის და ხარჯების მიზანია, დაიფაროს აბსოლუტურად ყველა ფენა მოსახლეობის, რომელსაც სხვადასხვა ფორმით ზიანი მიაყენა პანდემიამ. ასევე ამ გეგმის მიზანია ეკონომიკური სუბიექტების მხარდაჭერა“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პროგრამის მიზანია ქვეყანაში არ განმეორდეს ის მდგომაროება, რაც დეველოპერულ სექტორში 2008 წლის ომის შემდეგ დადგა.
„180 შენობა-ნაგებობაა დაუმთავრებელი 2008 წლის ომის შემდეგ. იყო კრიზისი და არანაირი დახმარება არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ იგივე რომ არ მივიღოთ, არ გავაუბედუროთ სამშენებლო კომპანიები, დეველოპერები, არ გავაუბედუროთ ოჯახები რომლებიც ელოდებიან საცხოვრებელი ბინების მიღებას, ზუსტად ამიტომ ხდება ამ დახმარების შეთავაზება, რომ არ ჩამოგვეშალოს ეს მიმართულება და 120 ათასი ადამიანი არ დავტოვოთ სამსახურის გარეშე“, - განაცხადა კალაძემ.
საკითხზე ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პროგრამა დაეხმარება როგორც მშენებელ კომპანიებს, ასევე მომხმარებლებს, რომლებიც ბინების ჩაბარებას ელოდებიან.
„ძალიან მიკვირს თქვენი მცდელობა, რომ ყველაფერი ის დადებითი და ასეთი პოზიტიური პროგრამა, რომელიც პირველ რიგში არის მიმართული იმისკენ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მეტი დარწმუნებულობა ხვალინდელ დღეში, გადააქციოთ ასეთ კითხვად. 35 ათასი ბინის მფლობელი უფრო მეტად დაზღვეული იქნება, რომ მისი საცხოვრებელი კოპუსი დასრულდება შეთანხმებულ დროში და არ მოუწევს წლობით ლოდინი, ისე როგორც სამწუხაროდ მოუწია "ცენტრ პოინტს", "აქსისს", რომ არ ყოფილყო სახელმწიფოს მხარდაჭერა და მრავალ სხვა კომპანიას. ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს უშუალოდ სექტორზე და დღესაც აღინიშნა, რომ ის ღონისძიებები, რომელიც არის, ემსახურება ასევე როგორც დევნილების ბინებით დაკმაყოფილებას ასევე დეველოპმენტის სექტორს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ეკონომიკურმა ჯგუფმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გამართეს. სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, საერთო ჯამში კი, სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მილიონი ლარია.