logo
ENG



ეს დაწესებულება ქცეულია საფეოდალოდ - სასამართლოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

20 ნოე 201907:28
3 წუთის საკითხავი
 
ijebwaqtw4hc4um.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულების პროცესის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცავებმა სასამართლო დარბაზში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომლებმაც სასამართლოში რუსთაველიდან გადაინაცვლეს, არ შეუშვეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს - ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს პოლიციამ დერეფანი და კიბეები გადაუკეტა. მანდატურებმა მათ საშუალება არ მისცეს  სასამართლოს თავმჯდომარეს, ვასილ მშვენიერაძეს შეხვედროდნენ. ჯანეზაშვილი დაკავებულების მდგომარეობითაც დაინტერესდა, თუმცა სპეციალური საშვის მიუხედავად მანდატურებმა მას არც ამის საშუალება მისცეს.  

"სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი დაწესებულება. ეს უნდა იყოს ხალხის დაწესებულება, მაგრამ ის გადაქცეულია საფეოდალოდ. ამ ადგილის პატრონი არის მიხეილ ჩინჩალაძე და რა თქმა უნდა ხელისუფლება", - განაცხადა ანა დოლიძემ. 

ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მას სასამართლოს თავმჯდომარესთან რამდენიმე კითხვა ჰქონდა, მათ შორის, რატომ იხილავს 37 მოქალაქის საქმეს მხოლოდ ერთი მოსამართლე. 

"მინდოდა დამესვა კითხვა, რატომ იხილავს 37 მოქალაქის საქმეს მხოლოდ 1 მოსამართლე. საქმე არ გვაქვს ცივილიზებულ ადამიანთან. ამ მოსამართლისგან არაფერი მიკვირს, რადგან ის კლანის ერთ-ერთი მთავარი წევრია", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

 

 

 


close დახურვა