თბილისში შესაძლოა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნას. ცენტრის გახსნას რუსი დიპლომატი გრიგორი კარასინი აანონსებს. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის მოლაპარაკების ფორმატში ზურაბ აბაშიძე ცენტრის გახსნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
საზოგადოების წევრები ამბობენ, რომ მიუღებელიათბილისში ასეთი ტიპის ცენტრის გახსნა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
პოეტი პაატა შამუგია აცხადებს, რომ რუსული კულტურის ცენტრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯაშუშების გადამზადებას ემსახურება.
"კარასინის მიერ კულტურის ცენტრის გახსნა იგივეა, რაც მართლმადიდებლობის ფორუმის გახსნა გავრილოვის მიერ. როგორც მოგეხსენებათ, არც ერთია კულტურის მუშაკი და არც მეორე - მართლმადიდებელი. ერთიც და მეორეც არის ბედკრული კგბ-ს შვილი. მთელ მსოფლიოში ამ რუსულ კულტურულ ცენტრებს აღიქვამენ, როგორც ჯაშუშთა გადამზადების ცენტრებს და ამაზე დასავლურ მედიაშიც არაერთხელ დაწერილა. მით უმეტეს, საქართველოში, სადაც სახელმწიფო თავზე გვაქვს ჩამომხობილი, ბუნებრივია, ეს იქნება აგენტურული ქსელი“, - აღნიშნა პაატა შამუგიამ "ფორმულასთან" საუბარში.
მწერალი გელა ჩარკვიანი კი ამბობს, რომ თბილისში ცენტრის შესაძლო გახსნა უცნაური იქნება.
„დღეს რუსული კულტურის ცენტრის შექმნა საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია და სასაცილოც. მაშინ როდესაც საქართველოს მიწების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როდესაც არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. მე ამას მივესალმებოდი და მივესალმები იმ შემთხვევაში, როდესაც რუსეთი საქართველოს განიხილავს არა როგორც მისი გავლენის სფეროს ნაწილს, არამედ როგორც თანასწორ მეზობელს. რა მიზანს ემსახურება ეს ცენტრი? მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკურ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა ჩარკვიანმა.