დიმიტრი ხუნდაძის მიერ ინიცირებულ კანონპრექტზე სასამართლოში კიდევ ორი სარჩელი მომზადდა. აქედან ერთს პარტია "ლელო საქართველოსთვის" შეიტანს, ხოლო მეორეს მოქმედი დეპუტატები. კანონს, რომელიც მთავრობას, პარლამენტის თანხმობის გარეშე, შეზღუდვების დაწესების საშუალებას აძლევს, არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია არაკონსტიტუციურად აფასებს.
"რეალურ საფრთხეს მოიცავს, რომ უბრალოდ გააუქმონ მთელი რიგი უფლებები ისე, რომ არანაირი დემოკრატიული კონტროლის მექანიზმი ამ გადაწყვეტილებამ არ გაიაროს", - აცხადებს სალომე სამადავშვილი.
"ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ საქართველოს პარლამენტის ისტორიაში მსგავსი ცუდი ფაქტი ჯერ არ მომხდარა, რადგან კანონმდებლები თავად არიან თანახმა უფლებამოსილება ჩამოერთვათ.
"ამის დელეგირება მთავრობისთვის ისე, რომ არანაირი საპარლამენტო მექანიზი არ დაიტოვო სამარცხვინო ფურცელია პარლამენტის ისტორიაში. ეს ბუნებრივია "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში და ერთ-ერთი მიზეზია იმის, რომ შემოდგომაზე ამ ხელისუფლების გაშვება, მნიშვნელოვანი ამოცანაა",-აცხადებს ოთარ კახიძე.
"ლელო საქართველოსთვის" წევრი კახა კოჟორიძის თქმით, კანონი არაკონსტიტუციური რადგან ის თუნდაც ერთი დღითაც კი არ უნდა იყოს შეუსაბამო.
"იმ ფონზე, როცა ვხედავთ რომ როგორ შერჩევითად ხდება ამ კანონის გამოყნება, კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს არც 15 ივლისამდე, არც ერთი დღით და არც ერთი წლით", - აცხადებს კახა კოჟორიძე.
"მომხრე ვარ რომ კონსტიტუციური წინააღმდეგობის გამო სარჩელი შევიტანოთ სასამართლოში. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ პარლამენტმა არ დაუშვას საკუთარი უფლებების გადაცემა მთავრობისთვის", - აცხადებს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, თუმცა უკვე ძალაშია კანონი, რომელიც მთავრობას, პარლამენტის თანხმობის გარეშე, შეზღუდვების დაწესების საშუალებას აძლევს.