მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურანტი სპორტსმენები მმართველ ძალასთან აფილირებული ე.წ. ზონდერჯგუფების წარმომადგენლები არიან.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, წარმოუდგენელია, რომ თინეიჯერების ქუჩური გარჩევის გამო ამდენი ადამიანი მცხეთაში ჩასულიყო - მისი აზრით, სპორტსმენების ასეთი ჯგუფები საზოგადოებაში თესავენ შიშს და ამის შედეგია ტრაგიკული შემთხვევაც.
„ეს არის 90-იანი წლების რუსეთის დამხასიათებელი გაბანდიტებული სპორტსმენების ჯგუფები. ესენი სპონტანურად კი არ ჩადიოდნენ დანაშაულს, დათესილი შიშით იმკვიდრებდნენ ძალაუფლებას.
ივანიშვილმა შვა ეს სისტემა - ისინი ტრანსფორმირდნენ რეკეტიორებად და მიაკითხავენ ბიზნესებს. ესაა ბრძოლა რეკეტიორებსა და მეწარმეებს შორის. სპორტსმენებს ფედერაციები წაართვეს, ბანდიტები ზიან იქ.
როგორ წარმოგიდგენიათ, 18 წლის ბიჭმა 17 თუ 16 წლის ბიჭს სილა გააწნა, იჩხუბეს და 15 წუთში ეს ორგანიზებული რაზმი მოდის და ტალღისებურად იწყებს ძალადობას. ესენიც თინეიჯერები ხომ არ არიან, არა? მაქვს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებულ გარეკეტირებულ ზონდერთა ჯგუფებს, რომლებმაც საშიში ფორმა მიიღეს. ეს რაღაცა დიდი, მასირებული ძალაა", - განაცხადა მურთაზ ზოდელევამ.