ესპანეთში, სამართალდამცველებმა 4 ქართველი მეზღვაური დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, გემს, რომელზეც მეზღვაურები იმყოფებოდნენ, 3 ათასი კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა. ქართველი მეზღვაურების გარდა დაკავებულია 5 თურქი მეზღვაურიც.
პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ NEHIR-სი ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილდებოდა. სწორედ ამ დროს მოხდა გემზე მყოფი ეკიპაჟის დაკავება.
ეკიპაჟმა გემი ჩაძირა, რათა სავარაუდოდ, მტკიცებულებები გაენადგურათ, რის შემდეგაც მეზღვაურებმა გაქცევა სცადეს, თუმცა პოლიციამ კოკაინი ამოიღო და ეკიპაჟის წევრები დააკავა. დაკავების ფაქტი 23 თებერვალს მოხდა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ფორმულა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში მეზღვაურების დაკავება დაგვიდასტურეს.
უწყებაში ამბობენ, რომ საკონსულო დაწესებულება ხაზზეა, როგორც დაკავებულების ადვოკატთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან, რომლებიც საქმის კურსში არიან საქმის შესახებ. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულების უფლებები არის დაცული.
საქმის დეტალებს რაც შეეხება საქმეს იძიებს ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები.