logo
ENG



ესტონეთის ექსპრეზიდენტი: პრობლემა ხშირად პოლიტიკური ელიტის მიერ სახელმწიფოს მიტაცებაა

31 იან 202113:28
3 წუთის საკითხავი
clock 1326

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენრიკ ილვესი ამბობს, რომ საქართველომ უნდა იდარდოს იმაზე, თუ რას ფიქრობენ მის შესახებ დასავლეთში. 

ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ილვესმა თქვა, რომ ევროპაში კავკასიის ქვეყნების შესახებ ასეთი განწყობაა: "ხუთ წელში მობრუნდით, როცა თქვენ საქმეებს დაალაგებთ". 

"დასავლეთში, ჩვენ ძალიან დავიღალეთ, რომ ამ ქვეყნებში [კავკასიაში] ხალხი ერთმანეთის წინააღმდეგ საშინელებებს სჩადის. განწყობა შემდეგია: ხუთ წელში მობრუნდით, როცა თქვენ საქმეებს დაალაგებთ. ვფიქრობ, საქართველომ ამაზე უნდა იდარდოს. დღეს თქვენი მთავარი მოკავშირეები ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთიღა თუა". - თქვა მან ამერიკის ხმასთან

ილვესისვე თქმით, მისი რჩევა იქნებოდა, კავკასიის ქვეყნებმა მოაგვარონ პრობლემები და აჩვენონ, რომ ამ რეგიონში არეულობა არ არის. 

როგორც ესტონეთის ექსპრეზიდენტი ამბობს, რუსთაველზე დაუსრულებელი დემონსტრაციები დასავლეთში ხალხს უქმნის განცდას, რომ ვითარება არასტაბილური და გაუგებარია. 

"ახლა ეს ასეა. საქართველოს ყველაზე ნაკლებად, თუმცა მასაც ნამდვილად სჭირდება რომ წინ წავიდეს. რუსთაველზე დაუსრულებელი დემონსტრაციები ხალხს უქმნის განცდას, რომ იქ ვითარება არასტაბილური და გაუგებარია. ამიტომ ახლა საჭიროა ერთად მუშაობა. როცა თქვენ პრობლემებს მოაგვარებთ, დასავლეთს დაუბრუნდებით, მერე უკვე შეგიძლიათ გააგრძელოთ ჩხუბი". - თქვა ილვესმა. 

ის ასევე ხაზს უსვამს ხელისუფლების მიტაცების საკითხს და მიუთითებს, რომ აუცილებელია, მთავრობებმა გააანალიზონ ვითარება და ძალაუფლება დათმონ. 

ამერიკის ხმა: ოპოზიცია როგორც ვთქვი, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციასა და მთავრობას შორის ერთპარტიული პარლამენტის პრობლემის და ახალი არჩევნების დანიშვნის გარშემო.  შეერთებული შტატების და ევროკავშირის შუამდგომლობით, ამ ვითარებაში რას ეტყოდით მთავრობას და ოპოზიციას?

თომას ილვესი: რიჩარდ ნიქსონის ციტატაა, რომ პოლიტიკას ერთი წესი აქვს: თუ ახლა თავში ხარ, მერე ქვემოთ იქნები. ამერიკაში რესპუბლიკელებიც გაიგებენ ამის მნიშვნელობას. თუ თავში ხარ და ცუდად მოიქცევი, როგორც რესპუბლიკელები მოიქცნენ, პასუხს აგებ. ამ კუთხით ამერიკის პოლიტიკა დღეს უფრო განსხვავებულია ვიდრე 25 წლის წინ იყო. ეს პრობლემად რჩება ჩემს ქვეყანაშიც.

თუ დემოკრატია გაქვს, სულ ხელისუფლებაში ვერ იქნები. და სწორედ ამიტომ ჭკვიან მთავრობებს ეს აჩერებთ ხოლმე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.

ხელისუფლებაში ადამიანები ზრდასრულად უნდა მოიქცნენ. ოპოზიციაშიც ზრდასრულად უნდა იმოქმედონ, და აღიარონ, თუ მთავრობაში მყოფი ხალხი ინკლუზიურ ნაბიჯებს დგამს და ერთად იმუშაონ, მაგრამ თუ ხელისუფლებაში მყოფი პირები, ოპოზიციას გადაუვლიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება  აქვთ და ეს შეუძლიათ, მაშინ შედეგი კარგი ვერ იქნება. ეს მოხდა სწორედ ამერიკის სენატში ბოლო 6 წლის განმავლობაში.

ამერიკის ხმა: ჩვენ ამერიკისგან ძალიან შორს ვართ დემოკრატიული განვითარებით.

თომას ილვესი: დიახ, მაგრამ როგორც მაგალითი, ისე მომყავს. თუ ხელისუფლებას ბოროტად იყენებ, და ოპოზიციაზე ზეწოლას ახორციელებ, ამაზე პასუხს აგებ. და ვნახეთ, რომ რესპუბლიკელებმა წააგეს არჩევნები, დაკარგეს ორივე პალატა. 

ამერიკის ხმა: ამერიკის ელჩმა საქართველოში, ერთ-ერთ ბრიფინგზე პრესასთან თქვა, რომ საქართველო წრეზე დადის. ის პრობლემები, რაც ჯო ბაიდენმა გამოყო, რჩება, ოპოზიცია ქუჩაში, ანტირუსული დემონსტრაციის დარბევა, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი და ა.შ. რჩება და არ იცვლება რაზე მიუთითებს ეს და როგორ უნდა მოაგვაროს ეს საქართველომ?

თომას ილვესი: პრობლემა ხშირად [პოლიტიკური] ელიტის მიერ სახელმწიფოს მიტაცებაა, როცა მთავრობას როგორც საკუთარ საკუთრებას, ისე უყურებენ. ეს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ვიხილეთ.და ეს არასდროს მთავრდება კარგად, ბელარუსი ამის საუკეთესო მაგალითია. თუ ლუკაშენკო ოდესმე დაკარგავს ხელისუფლებას, ის ვერ დარჩება ბელარუსში. ერთი დღეც ვერ გადარჩება. როცა ძალაუფლებას გადაამეტებ, ეს არასდროს სრულდება კარგად.

ამიტომ [პოლიტიკურმა] ელიტამ უნდა იმოქმედოს და გადაჭრას პრობლემები და გააანალიზოს, რომ რაღაც ეტაპზე, საჭიროა ხელისუფლებას დათმობა. ბევრი მაგალითია, როცა მთავრობა პასუხისმგებლობით იქცევა და დგამს ნაბიჯს, რომელიც წინ წასასვლელადაა საჭირო. მაგალითად - (ფრედერიკ დე ) კლერკი სამხრეთ აფრიკაში. სამხრეთ აფრიკას საქართველოს არ ვადარებ, მაგრამ საჭიროა დიდი ლიდერი, რომელიც იტყვის, რომ ცვლილება კრიტიკულია, და ამან შეიძლება ჩემი დამარცხება გამოიწვიოს, მაგრამ ქვეყნისთვისაა საჭირო. ამ ნაბიჯის შემდეგ უკვე აღგიქვამენ, როგორც სახელმწიფო მოღვაწეს.


close დახურვა