ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები შეშფოთებას გამოთქვამენ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის გამო და სომხეთს და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
განცხადებაში წერია, რომ ჯგუფის თანათავმჯდომარეები მკაცრად გმობენ სამხედრო ძალის გამოყენებას და სინანულს გამოთქვამენ დაღუპულების, მათ შორის, სამოქალაქო პირების გარდაცვალების გამო.
"თანათავმჯდომარეები მივმართავთ ორივე მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და განაახლონ მოლაპარაკებები, კონფლიქტის მდგრადად გადაწყვეტის მიზნით.
თანათავმჯდოამრეები მოვუწოდებთ მხარეებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა ვითარების სტაბილიზაციისთვის და ვიმეორებთ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს". - წერია განცხადებაში.
ეუთოს მინსკის ჯგუფი არის ეუთო-ს წევრი ქვეყნების ჯგუფი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზებს ეძებს. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
ასევე, ჯგუფში შედიან ბელარუსი, გერმანია, იტალია, შვედეთი, ფინეთიდა თურქეთი, ასევე სომხეთი და აზერბაიჯანი.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი დღეს, 27 სექტემბერს გამწვავდა.
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა. გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია.
სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის თქმით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. სამხედრო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ საბრძოლო ოპერაციების შედეგად მათ ყარაბაღის სოფლები და სტრატეგიული ადგილები დაიკავეს.
ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალივვს თქმით, სომხეთს აზერბაიჯანის მიწების მითვისება სურს და ამას არც მალავს. ალიევი სომხეთს ადანაშაულებს მოლაპარაკებების შეწყვეტასა და პროვოკაციებში.
სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.