logo
ENG



ეუთოს სამეული: ვგმობთ ქართველი ოფიციალური პირების ძალადობრივ პასუხს მშვიდობიან პროტესტებზე

13 დეკ 202418:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/13/prv4so5ezoc7uaz.jpg

ეუთოს ე.წ. სამეული, რომელიც სამი - მიმდინარე (მალტა), ყოფილი (ჩრდილოეთ მაკედონია) და მომავალი (ფინეთი) - თავმჯდომარე ქვეყნისგან შედგება,  საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკოსების მშვიდობიან პროტესტებზე საქართველოს ოფიციალური პირების ძალადობრივ პასუხს გმობს.

ამასთან, განცხადებაში სამი ქვეყანა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ რეპრესიული ტაქტიკისა და დაშინების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება.

"ჩვენ, ეუთოს სამეულის წევრები, ვგმობთ საქართველოს ოფიციალური პირების ძალადობრივ პასუხს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკოსების მშვიდობიან პროტესტებზე, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს იცავენ. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ რეპრესიული ტაქტიკისა და დაშინების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება.

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, უზრუნველყონ ქართველი ხალხისთვის შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, რაც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს შეესაბამება. კანონები, რომლებიც ამ ვალდებულებების საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული, უნდა გაიწვიონ.

ძალადობის, საარჩევნო თაღლითობის, და დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების წინააღმდეგ თავდასხმების ყველა ბრალდება სანდოდ უნდა იქნას გამოძიებული, ამ დანაშაულებისთვის ყველა პასუხისმგებელმა პირმა პასუხი უნდა აგოს.

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაიცვან ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რაც შეესაბამება ეუთოს ჩვენს საერთო პრინციპებსა და ვალდებულებებს, რაც უკვე ასახულია ჰელსინკის დასკვნით აქტსა და პარიზის ქარტიაში.

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გამოიყენონ სხვადასხვა ინსტრუმენტი და ექსპერტიზა, რომლის შემოთავაზებაც შეუძლიათ ეუთოსა და მის ინსტიტუტებს. „სამეული“ მზადაა, ამ მიზნით ნებისმიერ გაცვლას შეუწყოს ხელი.

ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ, მაშინ, როდესაც ისინი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის თავიანთ მისწრაფებას გამოხატავენ, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

 


close დახურვა