logo
ENG



ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ მზად შევხვდეთ პიკის ეტაპს - ჩიქოვანი

22 აპრ 202014:28
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა შეზღუდვების საფუძვლებზე და განმარტა, რომ ყველა აკრძალვას გამოწვეულია ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, ისევე როგორც სხვა ყველა შეზღუდვა ლეგიტიმური აუცილებლობითაა გამოწვეული და ემსახურება ქვეყნის მომზადებას პიკური სიტუაციისთვის.

„მოგეხსენებათ, 17 აპრილის 12:00 საათიდან 27 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდა შეზღუდვა, რომელიც ეხებოდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას. მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა, რომ ყველა შეზღუდვა და რეკომენდაცია ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რომელიც შეიძლება კოვიდ-19-მა მიაყენოს ჩვენს საზოგადოებას. ყველა რეგულაციის მიზანია, დავიცვათ თითოეული მოქალაქის სიცოცხლე, შევაფერხოთ ვირუსის გავრცელება და მივცეთ ჩვენს გმირ ექიმებს საშუალება, რომ ყველა მოქალაქეს მისცენ მაღალი ხარისხის მომსახურება. ინფიცირების და გარდაცვალების დაბალი მაჩვენებლები იმ ღონისძიებების დამსახურებაა, რომელიც აქამდე გავატარეთ. კარგად გვესმის, რომ ხშირ შემთხვევებში ეს ციფრები შესაძლებელია, ოპტიმიზმში გადაიზარდოს, მაგრამ როგორც ჩვენი ეპიდემიოლოგები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ზოგადად პრაქტიკა მიუთითებს, საქართველოს ჯერჯერობით არ იმყოფება პიკის ეტაპზე და ეს ჯერ კიდევ მოსალოდნელია. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად მაქსიმალურად ქმედით და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვდეთ ამ პიკის ეტაპს, მაქსიმალურად ნაკლები მოქალაქე დასნებოვნდეს ამ ახალი ვირუსით. აქვე კიდევ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მიმართა პრეზიდენტს და პრეზიდენტმა გადაწყვეტილება პარლამენტს წარუდგინა, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაპირებთ, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ და იმის გათვალისწინებით, რომ გვექნება დადებითი დინამიკა, შევამსუბუქებთ იმ შეზღუდვებს და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს და შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობებიც დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


close დახურვა