სამედიცინო სფეროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის მრჩეველს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
"ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია პაციენტის სიმძიმის და რთული მიმდინარეობის შესახებ. რასაკვირველია, თვითონ ქალბატონი სალომე არ ესწრებოდა, მაგრამ ესწრებოდა ადმინისტრაციის უფროსი და ჯანდაცვის საკითხებში მისი მრჩეველი. მათ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოინიშნეს და როგორც აღგვითქვეს, ისინი დეტალურად გადასცემენ ამ ინფორმაციას პრეზიდენტს. დამრჩა პოზიტიური მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი მხედველობაში მიიღებს ექიმების ინფორმაციას"- თქვა შეხვედრის შემდეგ ექიმმა ვილი პაჭკორიამ.
27 აპრილს ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი "საკუთარ თავს ინელებს".
ექიმები განმარტავენ, რომ ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება, კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მათი მოსაზრებით, მის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ ანორექსია ანუ მადის დაქვეითება გამოიწვია.