logo
ENG



ექიმების განცხადებით, ოცნების ოფისთან დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

03 დეკ 201907:32
3 წუთის საკითხავი
 
lr34cii91s58h2a.jpg

„ოცნების ოფისთან" მიმდინარე აქციაზე დაშავებული 5 ადამიანი ამ დრომდე ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ისინი აქციიდან სხეულის ზედაპირული დაზიანებით „ნიუ ჰოსპიტალისა“ და „ინგოროყვას“ კლინიკებში გადაიყვანეს. ერთმა პაციენტმა საავადმყოფო უკვე დატოვა, ნაწილი კი დღეს გაეწერება. 

როგორც „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმი ლელა წარია აცხადებს, მათთან შესული ორივე დაზარალებული თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა ორი პაციენტი - 30 და 36 წლის მამაკაცები. ორივე მამაკაცთან აღინიშნება სხეულის ზედაპირული დაზიანებები. პაციენტები თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ. მათ ჩაუტარდა შესაბამისი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები“, - აცხადებს წარია.

„ინგოროყვას“ კლინიკის ექიმის მანანა ლობჟანიძის თქმით კი, შეყვანილი სამი დაზარალებულიდან, ერთმა უკვე დატოვა სამკურნალო დაწესებულება.

„მოყვანილია სამი პაციენტი სხეულის ზედაპირული დაზიანებებით. მათ ჩაუტარდათ სათანადო კვლევები. ერთმა მათგანმა უკვე დატოვა კლინიკა, ხოლო ორი მათგანი რჩება მიმღებ-გადაუდებელ დეპარტამენტში, მონიტორინგის მიზნით. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს თბილისში „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობებმა “შეცვალე“, „გაბედე“ და „ქვეყნის სამსახურში“ აქცია გამართეს. აქციას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერების კონტრ-აქცია დაუპირისპირდა. დაპირისპირების შედეგად „ოცნების“ მხარდამჭერებმა რამდენიმე აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.


close დახურვა